„ოპოზიციის ალიანსის“ ინფორმაციით, 25 ოქტომბერს საპროტესტო კამპანიას დაიწყებენ, რომელიც 28 ნოემბერს მასშტაბური აქციით დასრულდება. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ ალიანსი იქნება ყველგან. “გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად და მთავარი მოთხოვნით – საქართველო ივანიშვილის გარეშე”- განაცხადა გვარამიამ
„ოპოზიციის ალიანსი“ აკეთებს განცხადებას პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს საკითხი არ ეხება ჩვენთვის თანამდებობის წართმევას, ჩვენ ამაზე ნებაყოფლობით ვთქვით უარი, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ მიიტაცა არჩევნები და მიიტაცა ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ამაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. მაგრამ ის რაც დღეს ხდება, არ არის ჩვენთვის თანამდებობების წართმევა. ეს არის ქვეყნისთვის დემოკრატიის წართმევა, ჩვენი დიდი წინაპრებისა და დიდი ქართული ისტორიისთვის, მთავარი ოცნების, ევროპის ოჯახის სრულფასოვანი წევრობის წართმევა; ეს არის ჩვენი შვილებისთვის საუკეთესო განათლების წართმევა; ეს არის ჩვენი მოხუცებისთვის საუკეთესო ჯანდაცვის წართმევა; ჩვენი პენსიონერებისთვის მაღალი პენსიის წართმევა, სამაგიეროდ, თავად უმაღლესი ხელფასების დანიშვნა; ეს არის ჩვენი დიასახლისებისთვის პროდუქტებზე დაბალი ფასების წართმევა და ეს არ არის ხუმრობა; ეს არის ყველა დაცარიელებული რეგიონი და ქალაქები და ქართველებისთვის მამაპაპისეულ სახლში ცხოვრების უფლების წართმევა, მათი გაწირვა ქვეყნიდან წასასვლელად; ეს არის ემიგრანტებისთვის ხმის უფლების წართმევა; ეს არის ფერმერებისთვის ყველაზე დიდი გასაღების ბაზრის წართმევა და დატოვება მხოლოდ რუსული ბაზრის ამარა, რომელიც გუშინწინ ქართველი ფერმერებისთვის დაიხურა, რადგან ვიღაცამ ასე გადაწყვიტა და ვიღაცას ასე დასჭირდა; ეს არის თქვენთვის, ჟურნალისტებისთვის, თავისუფალი სიტყვის წართმევა და აკრძალულ სიტყვათა ინდექსის დაწესება; ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ბრწყინვალე ტვინებისა თუ დიდი პატრიოტებისთვის სამშობლოსთვის მსახურების უფლების წართმევა. პრაქტიკულად ყველა მათგანს აუკრძალეს პოლიტიკაში მონაწილეობა და ეს თაობები საერთოდ ამოიღეს პოლიტიკური ცხოვრებიდან. ის რაც მოხდა 2024 წლის 25 და 26 ოქტომბერს, ეს იყო არა ჩვენი თანამდებობების წართმევა, არამედ „ქართული ოცნების“ მხრიდან ქვეყნის მითვისება.იმისთვის, რომ გაგრძელდეს კორუფცია, თქვენი ძარცვა, გაგრძელდეს მათ მიერ დიდი ფულის შოვნა. ჩვენ აქედან რა მივიღეთ? – ყველაფერი უარყოფითი. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიქნებით ყველგან, სასამართლო დარბაზებში ბათუმში და რაც მთავარია ქუჩაში, თბილისში, გავაპროტესტებთ ყველაფერს უშიშრად, ხისტად და მთავარი მოთხოვნით – საქართველო ივანიშვილის გარეშე, დავიბრუნოთ ევროპა, სამართლიანობა, კეთილდღეობა და ქართველს ჰქონდეს შესაძლებლობა საკუთარ სამშობლოში ბედნიერი ცხოვრების. ჩვენ ვაანონსებთ დიდი კამპანიის დაწყებას. 25 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, 19:00 საათზე გელით ყველას. ეს არის ყველა ჩვენგანის დღე, ამას გვართმევენ ყველას, ყველას გვართმევენ სამშობლოს“,- განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„ოპოზიციის ალიანსის“ განცახდებით, 25 ოქტომბერს, ისინი თსუ-ს პირველ კორპუსთან შეიკრიბებიან და დაიწყებენ ერთობლივ კამპანიას, რომელიც მიზნად ისახავს 28 ნოემბერს დიდი აქციის მოწყობას თბილისში.








