პოლიტიკა

ნიკა მელია – ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს

ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს, – ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ნიკა მელია “მთავარი არხის” ეთერში გასულ რეპორაჟს, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული.

როგორც ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა, „ეს არის რუსეთის „ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა“.

„აგვისტოს ომის დღეებში, როცა ვგლოვობთ და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, ვისმა თავგანწირვამაც დღემდე მოგვიყვანა და გვიხსნა რუსის ბატონობისგან, აი, ამ დღეებში, უსამშობლო ხელისუფლებას სურს, რომ საზოგადოების ნაწილი გმირ ბიჭებს კი არ მიაგებდეს პატივს, არამედ თვითონ იმ ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოებრიობას გლოვობდეს, რომელსაც ამ ბიჭებმა თავი შესწირეს. დღევანდელი უსამშობლო კაპიტულანტების, კოლაბორაციონისტების ხელისუფლება ყიდის სამშობლოს ბითუმად და ყიდის ჯარისკაცებს ცალობით, აბარებს მათ ოკუპანტ რუსეთს. ეს ბრალდება კი აღარაა, ფაქტის კონსტატაციაა. სწორედ იმ დღეებში, როცა უნდა ვიხსენებდეთ, თუ როგორ იწერებოდა უდრეკობის, შეუპოვრობის, წინააღმდეგობის ისტორია, დღეები, რომელიც უნდა გვახსენებდეს, თუ რა გმირობამ მოიყვანა ქვეყანა დღემდე, რა ვნახეთ ჩვენ გუშინ? ვნახეთ, თუ როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს იმ რუსეთს, რომლის წინააღმდეგაც ისინი იბრძოდნენ აქ, 2008 წელს და იბრძვიან ახლა უკრაინაში.

ვიხილეთ, თუ როგორ აღმოჩნდა მიხეილ ქამხაძის, გამოცდილი ჯარისკაცის პირადი საქმე, ოკუპანტების ხელში. ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა. ეს უმძიმესი ფაქტი უკვე ცხადყოფს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც არსებობს ძლიერი რუსული გავლენები და ქსელი, რომლის მეშვეობითაც, ნებისმიერი დეტალური ინფორმაცია, რომელიც დასჭირდება ოკუპანტს, საქართველოს თითოეულ მოქალაქესა და მათ ოჯახის წევრებზე, აღმოჩნდება მათ ხელში. ეს არ არის ინდივიდის მიერ გაყიდული ინფორმაცია, ეს არ არის ინდივიდუალური ღალატი, ეს არის რუსეთის „ოცნების“ მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იქცა რუსული სპეცსამსახურების ქვედანაყოფად. თავდაცვის უწყება, რომელიც ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი შვილების მშვიდობასა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდეს, უკვე სრულად ქცეულია რუსული სპეცსამსახურების ხელქვეითად, ემორჩილება მათ და აწვდის ყველა მნიშვნელოვან თუ უმნიშვნელო ინფორმაციას, რაც კი მათ სჭირდებათ. ეს მოღალატე, უსამშობლო კოლაბორაციონისტები, მხოლოდ ევროპულ პერსპექტივას კი არ გვაკარგვინებენ და რუსეთის ხელში კი არ გვტოვებენ, მხოლოდ კი არ გვარბევენ და გავრილოვის გამო, თვალებს კი არ გვთხრიან მარტო, არამედ უკვე გვყიდიან! გვყიდიან ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. გვყიდიან თითოეულ ჩვენგანს და ყველას ერთად!“-განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” ეთერში გასული რეპორტაჟის თანახმად, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ყოფილიყო დაცული. მიხეილ ქამხაძე ვარაუდობს, რომ თავდაცვის სამინისტროს არქივის დეპარტამენტმა მისი საქმე გაყიდა და ახლა მის შესახებ ინფორმაციაზე წვდომა რუსეთს აქვს.

ასევე ნახეთ

ხატია დეკანოიძე – ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა

ნებისმიერი ფინანსური, ნებისმიერი ტექნიკური დახმარება, რომელიც არასამთავრობო სექტორში, ან ნებისმიერ სახელმწიფო ინსტიტუტში შემოდის, სრულიად გამჭვირვალეა, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია