პოლიტიკა

პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებით სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი დგინდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომელიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი 12 პუნქტიდან მე-12 პუნქტის შესაბამისად, ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის საკითხს ეხება. აღნიშნული პუნქტი საქართველოსგან მოითხოვს ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას. ამასთანავე, რეკომენდაციის თანახმად, ახალი სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამოუკიდებელი კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭება.

როგორც მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განმარტა, პროექტის მიღებით მოხდება სახალხო დამცველის კანდიდატის არჩევის პროცესში საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და უკანასკნელ წლებში დამკვიდრებული კარგი პრაქტიკის საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა.
„რეგლამენტის პროექტით დგინდება საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი, რომელიც უზრუნველყოფს სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევისა და წარდგენის პროცესის მაღალ გამჭვირვალობას და მასში სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, აკადემიური და პროფესიული წრეების ფართო ჩართულობას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

პროექტის მიხედვით, 2022 წელს სახალხო დამცველის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს კანდიდატურები წარედგინება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილი წესით და გათვალისწინებული იქნება განაცხადების მიღების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გამოქვეყნების ვალდებულება. ამასთანავე, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით განისაზღვრება სპეციალური შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნა 9-წევრიანი შემადგენლობით. პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენამდე კანდიდატურები შეფასდებიან სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ ისეთი კრიტერიუმების მიხედვით, როგორიცაა: კეთილსინდისიერება; მაღალი რეპუტაცია; მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა; სათანადო პროფესიული ცოდნა (კვალიფიკაცია, აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო მიღწევები და სხვ.); პრაქტიკული გამოცდილება ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში.

სამუშაო ჯგუფის მიერ კანდიდატთა შეფასების შემდეგ, რეგლამენტით განსაზღვრულ სახალხო დამცველის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილების მქონე სუბიექტებს შესაძლებლობა ექნებათ, პარლამენტს წარუდგინონ კანდიდატები იმ პირთაგან, ვინც მიმართავს პარლამენტს შეფასების პროცესში მონაწილეობის მისაღებად. წარდგენილი კანდიდატების საერთო რაოდენობა არ უნდა იყოს 7-ზე ნაკლები.

მოქმედი რეგლამენტით, კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილი პირია როგორც ფრაქცია, ასევე ურეაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი. პარლამენტი, სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით, ამავდროულად, სხვა კანდიდატზე მეტი ხმით ირჩევს სახალხო დამცველს.

კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტის პროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას

ასევე ნახეთ

ალან ალბოროვი – “სამხრეთ ოსეთის” რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება

“სამხრეთ ოსეთის” რუსეთთან შეერთების საკითხი მოსკოვთან მჭიდრო კოორდინაციით განიხილება, – განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პარლამენტის“ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია