პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის პოსტზე ასარჩევად პარლამენტს ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურა წარუდგინა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის კანდიდატად ცოტნე ყავლაშვილი წარადგინა. ამის შესახებ პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გენერალური აუდიტორის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება.

„საქართველოს კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, გენერალური აუდიტორის კანდიდატურის დასახელება წარმოადგენს პარლამენტის თავმჯდომარის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას, რომლის ფარგლებშიც პარლამენტს გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ასარჩევად წარვუდგენ ცოტნე ყავლაშვილის კანდიდატურას. ცოტნე ყავლაშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ფინანსთა სამინისტროში, არის მაგალითი პროფესიონალი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელისა, რომელმაც 15 წლის განმავლობაში რიგითი სპეციალისტიდან მინისტრის მოადგილეობამდე საჯარო სამსახურის ყველა საფეხური გაიარა. მინისტრის მოადგილის რანგში მისი ზედამხედველობის ქვეშ იყო აუდიტორული საქმიანობები და სიღრმისეულად იცნობს ამ სფეროს. 2013 წლიდან ამავდროულად გახლავთ სახელმწიფო ხაზინის უფროსი. ამასთან, ცოტნეს აქვს დიდი გამოცდილება საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის და საფინანსო სტრუქტურებთან ურთიერთობის.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება პარლამენტს და მის თითოეულ წევრს, სახელმწიფო სახსრების ხარჯვის მართლზომიერების და ეფექტიანობის ზედამხედველობის მხრივ. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ის ნაყოფიერი თანამშრომლობა, რომელიც ჩამოყალიბდა პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტს შორის, იმავე ინტენსივობით გაგრძელდეს.

კენჭისყრა გენერალური აუდიტორის არჩევასთან დაკავშირებით გაიმართება მომავალ კვირას. დარწმუნებული ვარ, ცოტნე ყავლაშვილს საპარლამენტო უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება. იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტის სამსახური პარლამენტის ყველა წევრისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, იმედს ვიტოვებ, ოპოზიციონერი კოლეგებიც მხარს დაუჭერენ ახალ გენერალურ აუდიტორს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცოტნე ყავლაშვილმა ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს მადლობა გადაუხადა გამოცხადებული მაღალი ნდობისთვის და გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის წარდგენისთვის.

„მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო ფინანსთა სამინისტროს მაღალპროფესიონალ და ძალიან კარგ გუნდს. 16 წელი გავატარე ამ სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობაზე და საკმაოდ ემოციურია ამ გუნდის დატოვების პერსპექტივა. ცალკე გამოვყოფ ასევე ხაზინას, რომლის უფროსიც გახლდით თითქმის 10 წელი. მადლობას გადავუხდი ხაზინის თითოეულ თანამშრომელს. ჩვენ ძალიან ბევრი გავაკეთეთ ამ დროის მანძილზე ქვეყნის ფისკალური მდგრადობისთვის, ასევე საბიუჯეტო სექტორში აღრიცხვიანობის მოწესრიგებისთვის და ბიუჯეტის გამჭვირვალობისთვის.

რაც შეეხება ჩემი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარდგენას, მინდა გითხრათ, რომ აბსოლუტურად გაცნობიერებული მაქვს ის უდიდესი პასუხისმგებლობა, რაც დამტკიცების შემთხვევაში დამეკისრება. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ეს უმნიშვნელოვანესი და წარმატებული ინსტიტუტი იყოს კიდევ უფრო ეფექტიანი და კიდევ უფრო წარმატებული“, – აღნიშნა ცოტნე ყავლაშვილმა.

ასევე ნახეთ

მამუკა მდინარაძე – არა რუსულ კანონს. მე გიერთდებით ამაში. რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება. ამავე დროს, არა მონობას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის მხრიდან არაერთი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია