4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულმა, ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მიმართა. ამის შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ნანა სანდერის ადვოკატმა, გოგა ბოგვერაძემ განაცხადა.
ადვოკატის განმარტებით, ბრალდების მხარესთან კომუნიკაციით უკვე შედგა შეთანხმება, რომ ნანა სანდერმა საპროცესო გარიგებით დატოვოს საპატიმრო დაწესებულება. მისივე თქმით, მსჯავრდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებას.
“ვაღიარებ ბრალს და ყველაფერში ვეთანხმები ჩემს ადვოკატს. თანახმა ვარ 1 წელსა და 1 თვეზე გამიფორმონ საპროცესო შეთანხმება”, – განაცხადა ნანა სანდერმა სასამართლო პროცესზე.
საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე მზაობას ადასტურებს ბრალდების მხარეც. პროკურორის თქმით, რა პირობებით გათავისუფლდება მსჯავრდებული-აღნიშნულთან დაკავშირებით, შესაბამისი პროცედურების გავლაა საჭირო.
რაც შეეხება ამავე საქმეზე მსჯავრდებულ სხვა პირებს: აბო ნავერიანი საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარს აცხადებს. ის მიიჩნევს, რომ უკანონო პატიმარია. კიდევ ერთი მსჯავრდებული- ანტონ უპერი ძებნაში იმყოფება, მარიამ მეყანწიშვილს კი ჯარიმა აქვს შეფარდებული.






