პოლიტიკა

საქართველოს ეროვნული გმირი გიორგი ანწუხელიძე დღეს 38 წლის გახდებოდა

დღეს, 18 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული გმირის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს წამებით მოკლული გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. ის 38 წლის გახდებოდა.

უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს დაიკარგა, როცა ვაზიანის 21–ე ბრიგადა, ცხინვალის ე.წ შანხაის რაიონს უტევდა. იგი მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. 2009 წლის იანვარში ინტერნეტში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ დატყვევებულ ქართველ სამხედროს ოსი ბოევიკები და რუსი ოკუპანტები აწამებდნენ, ისინი გიორგის ზურგზე რიგრიგობით ახტებოდნენ და აიძულებდნენ მიწისთვის ეკოცნა. კადრებში ჩანს, რომ ანწუხელიძეს პირიდან სისხლი სდის, თუმცა, წინააღმდეგობას მაინც უწევს და მიწისკენ ბოლომდე არ იხრება.

სამი თვის განმავლობაში გიორგი ანწუხელიძე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა. ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედრის გადმოსვენების შემდეგ, ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო.

გიორგი ანწუხელიძეს 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. სიკვდილის შემდეგ იგი ასევე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“.  მინიჭებული აქვს ეროვნული გმირის წოდება.

2013 წელს, „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს. 2018 წლის ნოემბერში კი ახმეტაში ერთ-ერთ უსახელო მწვერვალს გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა. 

გიორგი 1984 წლის 18 აგვისტოს ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში დაიბადა. 1999 წელს მან მშობლიური სოფლის საშუალო სკოლა დაამთავრა, ხოლო 2003-2004 წლებში სამხედრო სავალდებულო სამსახური შინაგანი ჯარების პირველ ოპერატიულ ბრიგადაში გაიარა.

2004 წელს გიორგი ანწუხელიძე ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობდა. 2005 წლის 23 აპრილიდან 2006 წლის 1 აგვისტომდე სამხედრო სამსახური მეორე ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონში განაგრძო. 2005 წლის 10 სექტემბრიდან 2006 წლის 26 აპრილამდე, ანწუხელიძე სამშვიდობო მისიის შესასრულებლად ერაყში იმყოფებოდა. 2008 წლის 17 აპრილიდან IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის შემადგენლობაში მსახურობდა.

ასევე ნახეთ

ადვოკატი – სასტიკად ნაცემი ალეკო ელისაშვილი განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი

“მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი აქციიდან განრიდების ნაცვლად რამდენიმე საათის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში ჰყავდათ გადაყვანილი – …

ჩანთების ონლაინ მაღაზია