საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირის 12 რეკომენდაცია, ჩემი დამტკიცების შემთხვევაში, მჭიდროდ ვიმუშავებ მთავრობასთან, რომ მხარი დავუჭირო რეფორმების გატარებაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა, რობინ დანიგანმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
სენატორმა ვან ჰოლენმა ელჩობის კანდიდატს სთხოვა, ესაუბრა „უცხოური გავლენის აგენტების კანონპროექტზე“, მის გარშემო პროტესტზე, კანონის გაწვევაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე, ასევე რუსეთის გავლენების თემაზე.
„მე ვადევნებდი თვალს საქართველოში საპროტესტო გამოსვლებს „უცხოური აგენტების კანონთან“ დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს პროტესტი ასახავდა ქართველი ხალხის სურვილს, მათი მომავალი მჭიდროდ იყოს ინტეგრირებული დასავლეთთან და ევროკავშირთან. ჩვენ მუდმივად ვხედავთ ქართველი ხალხის ერთგულებას ამ გზის მიმართ. ვფიქრობ, ჩვენს ეროვნულ ინტერესებშია, რომ გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა ამ გზაზე. მჯერა, რომ რუსეთი ახორციელებს მავნებლურ საქმიანობას საქართველოში, მათ შორის დეზინფორმაციის გზით. ამას აქვს გავლენა ქვეყანაზე და სწორედ ამიტომ ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან მათი დახმარება დემოკრატიული რეფორმების გატარებაში. ევროკავშირმა წარმოადგინა 12 რეფორმა, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. თუ დამამტკიცებენ, მჭიდროდ ვიმუშავებ მთავრობასთან, რომ მხარი დავუჭირო მათ ამ რეფორმების შესრულებაში. სენატორო, ვიზიარებ თქვენს შეშფოთებას და დამტკიცების შემთხვევაში, ველოდები, რომ მჭიდრო კონტაქტს შევინარჩუნებ ამ საკითხზე, რადგან ეს არის არსებითი მნიშვნელობის საკითხი რეგიონისა და საქართველოსთვის“, – განაცხადა რობინ დანიგანმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საქართველოში ელჩობის კანდიდატად რობინ დანიგანი თებერვალში წარადგინა.