დღეს თქვენ სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას. თქვენ ხელი შეუწყვეთ ხელისუფლების მიმართ „პრორუსობასთან“ დაკავშირებით პიარულ დარტყმებს და ერთხმად ნალაპარაკებ „არა რუსული კანონის“ ნარატივის გაძლიერებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის ანგარიშის დროს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან კითხვით მიმართა პრეზიდენტს, მაშინ, როდესაც ევროპა აღიარებს, რომ საქართველოს ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, რატომ აცხადებს ქვეყნის პრეზიდენტი იმას, რომ ეს ასე არ იყო.
„დღეს თქვენ სტარტი მიეცით პოლარიზაციის ახალ ტალღას. თქვენ ხელი შეუწყვეთ ხელისუფლების მიმართ „პრორუსობასთან“ დაკავშირებით პიარულ დარტყმებს და ერთხმად ნალაპარაკებ „არა რუსული კანონის“ ნარატივის გაძლიერებას. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის არ მონიჭებას [რომელიც გახლავთ რადიკალური ოპოზიციის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოში ხელისუფლება ნებისმიერი გზით შეცვალონ, რადაც არ უნდა დაუჯდეთ], ხომ არ ემთხვევა ირიბად ან პირდაპირ თქვენი პოზიცია დღევანდელ ამ მიზნებს მაშინ, როდესაც ევროკავშირმა თავად კრიტერიუმის დონეზე და მისი გამოყენებით აღიარა, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად არ მიენიჭა სტატუსი, იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს?! დღეს თქვენ ბრძანეთ, რომ არ იმსახურებდა. ევროპამ თავად აღიარა, რომ საქართველოში ყველა ობიექტური ადამიანი ფიქრობს, რომ იმსახურებდა, თქვენ ამბობთ, რომ არ იმსახურებდა და ჩვენ დაგვაბრალეთ“, – მიმართა მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტს პარლამენტის სხდომაზე.