თბილისის მერი, კახა კალაძე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას მიუღებელს უწოდებს, რადგან არანაირი ფაქტი და მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ.
კალაძეს იმედი აქვს, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნება ფაქტები, სხვაგვარად ეს გადაწყვეტილება სუვერენიტეტული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად აღიქმება.
“გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ კატეგორიულად მიუღებელია, იმიტომ, რომ არანაირი ფაქტი, არანაირი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი. მე დიდი იმედი მაქვს, რომ წარმოდგენილი იქნება რაღაც, თუ რაზეც აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა, ამ ყველაფრის საბაბი რა იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება აღქმული იქნება სუვერენიტეტული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლად. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება დააზიანებს იმ ურთიერთობას, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანასა და ამერიკას შორის.
ჩვენ გვახსოვს ქვეყანაში 2012 წლამდე რა ხდებოდა, სასამართლო ჩვეულებრივი ნოტარიუსი იყო. ნახეთ, ის გადაწყვეტილებები, რა გადაწყვეტილებების მიღებაც ხდებოდა და შემდეგ, როგორ ხდებოდა მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება სტრასბურგში, რამდენი და რა მოცულობა იყო და რა ვითარება გვაქვს დღეს. ყველაფერი ხომ შედარებითია? ძალიან მარტივად ხელმისაწვდომია აღნიშნული მონაცემები ნებისმიერი ადამიანისთვის. იმ კრიმინალურ, სისხლიან რეჟიმს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება წარმოადგენდა, დღეს ზუსტად, ის კონკრეტული ხაზი, რომელიც ასანქცირებს, ვთქვათ მოსამართლეებს, აბსოლუტურად გაუგებრად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, ის ადამიანები გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილის მმართველობა დემოკრატიის შუქურა იყო”, – განაცხადა კალაძემ.