საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს, ეხმიანება BBC-ს სტატიას სადაც ის მილიარდ დოლარიანი თაღლითური სქემის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორად არის მოხსენიებული.
“მინდა კიდევ ერთხელ მოკლედ განვაცხადო, რომ არა მაქვს და არც არასდროს მქონია კავშირი BBC-ის პლატფორმაზე გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ ცენტრების საკითხთან. მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი მიმაჩნია მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის მედიასაშუალებად, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩემთან დაკავშირებულ საკითხებზე გამოცემასთან მაქვს ბევრი შეკითხვა. აბსოლუტური პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არასდროს მიმიღია მონაწილეობა მსგავს სქემებში, ამიტომ არ ვაპირებ, უყურადღებოდ დავტოვო ის ზიანი, რასაც ეს მასალა მე მაყენებს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ჩემ წინააღმდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, ჩემი მონაწილეობით შექმნილ ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ კი მმართველი პარტიის მხრიდან კამპანიური ხასიათის შეტევაა, რაც აღიარებულია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებში. გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პლატფორმაზე გასულ მასალაში ჩემთან დაკავშირებული როგორც ფაქტების უზუსტობა, ასევე მათი არასწორი ინტერპრეტაციის შედეგად მიღებული დაშვებების სიმცდარე დავადასტურო და ამას დიდი დრო არ დასჭირდება. ასევე ყოველთვის გამოვთქვამდი მზადყოფნას და დღესაც მზად ვარ, ე.წ. ქოლ ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის, მით უმეტეს, რომ ჩემი, როგორც პოლიტიკურ დევნილობაში მყოფი პირის, საცხოვრებელი ადგილი სწორედ დიდი ბრიტანეთია, რომლის მართლმსაჯულების სისტემის სანდოობაში ეჭვი არავის ეპარება,”- აღნიშნულია განცხადებაში