პოლიტიკა

ჯანდაცვის მინისტრი აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებს შეხვდა

ვიძლევით უპირობო გარანტიას, თუ სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე მშობლების საჭიროებები მოისმინა და მათ პრეპარატ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მოპოვებული ინფორმაცია გააცნო.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მედიკამენტთან დაკავშირებით მწირი მონაცემების არსებობის გამო მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ფრთხილად ეკიდებიან აღნიშნულ საკითხს, რათა მაქსიმალურად გარანტირებული იყოს პაციენტის უსაფრთხოება. შესაბამისად, ამ ეტაპზე მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღნიშნული წამლით მკურნალობა არ ფინანსდება. მედიკამენტის აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოსა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ ავტორიზაცია ეხება ქვეყნებში შეტანისა და გაყიდვის უფლებას და არ გულისხმობს ავტომატურად ბიუჯეტიდან მედიკამენტის დაფინანსებას.

აღინიშნა, რომ მედიკამენტების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ ხდება და საკითხს დარგის სპეციალისტები, ექიმები და ექსპერტები ერთობლივი შეჯერების საფუძველზე განიხილავენ.

ზურაბ აზარაშვილმა პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა უწყების მზადყოფნა, რომ ბავშვებს, რომლებსაც სხვა თანმდევი დაავადებები აქვთ, დიაგნოსტიკასა და მკურნალობას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ სახელმწიფო დაუფინანსებს.

აქონდროპლაზია იშვიათი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ადამიანის სიმაღლეში ზრდის შეფერხებით და ამ დაავადებით ადამიანებს აქვთ ჩვეულებრივი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივი ინტელექტი, მიუხედავად ზრდაში შეფერხებისა.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს

 

ასევე ნახეთ

მასშტაბური მშენებლობა ქართულ კურორტებზე

ტურისტულ რეგიონებში, როგორიცაა ბაკურიანი, გუდაური და ბახმარო, ბინებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა მასშტაბური მშენებლობები კურორტების იერსახესა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია