პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – ჩვენი პოზიცია არის ცალსახა, რომ, რა თქმა უნდა, სანქცირებული თვითმფრინავებით არ განხორციელდება ფრენები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავაც ადასტურებს, რომ საქართველო რუსეთთან ეკონომიკურ ურთიერთობას გააგრძელებს და ამბობს, რომ საქართველოს პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-მ და ევროკავშირმა ეს ფაქტი უნდა გაითვალისწინონ.

ჩვენი პოზიცია ცალსახაა, სანქცირებული თვითმფრინავებით არ შესრულდება ფრენები, განხორციელდება მხოლოდ არასანქცირებული კომპანიებით და თვითმფრინავებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, ვაჭრობა, ეკონომიკა შედის საქართველოს ინტერესებში და ამ ფაქტს ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს.

„რაც შეეხება ფრენებს, ვნახეთ, რომ კომპანიებმა უკვე გამოთქვეს სურვილი, დაიწყონ ფრენები. ჩვენი პოზიცია არის ცალსახა, რომ, რა თქმა უნდა, სანქცირებული თვითმფრინავებით არ შესრულდება, არ განხორციელდება ფრენები. ეს მოხდება მხოლოდ არასანქცირებული კომპანიებით და თვითმფრინავებით. მგონი, ამაში არავითარი პრობლემა არ არის. მე ჩამოგითვალეთ მაგალითები, ისრაელი, თურქეთი, ემირატები და ა.შ. მაგალითად, როცა მე აზერბაიჯანში ვიყავი, ჩვენმა მეგობარმა პრეზიდენტმა, ალიევმა იქ მითხრა, რომ კვირაში 130 რეისი სრულდება, ისრაელში 100-ზე მეტი რეისი და ა.შ.

ასე რომ, მინდა, ჩვენი მეგობრებიც ევროპაში და ყველგან, ნამდვილი მეგობრები დავამშვიდო, დავაწყნარო, ეს არის ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობები. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, მას შემდეგ, რაც დაიწყო უკრაინაში ომი, ეს უბედურება, რუსეთს არ დავუწესებთ ეკონომიკურ სანქციებს, რადგან ამით საკუთარ მოქალაქეებს ჩავაგდებთ დიდ პრობლემებში და საკუთარ ბიზნესს დავაზარალებთ. ეს უგუნური გადაწყვეტილება რომ გაგვეკეთებინა, ჩვენ რომ გამოვმხტარიყავით, დაგვეწყო სანქციების დაწესება და ა.შ. ამით რუსეთის ეკონომიკას ვერაფერს დავაკლებდით.  რუსეთის ვაჭრობაში ჩვენი ვაჭრობის წილი არის 0.3 პროცენტი. ჩვენ რა უნდა დავაზიანოთ სანქციებით ან ეკონომიკური რაღაც შეზღუდვების დაწესებით. ამიტომ გავმიჯნეთ, ვთქვით, რომ ფინანსებს რაც შეეხება, სანქცირებული კომპანიები, სანქცირებული ინდივიდები ვერ ისარგებლებენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიით. ამის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა ომის დაწყების შემდეგ. რაც შეეხება ვაჭრობას, ეკონომიკას, ეს ჩვენს ინტერესებში შედის და კეთილი ინებოს ყველამ, მათ შორის, პირველ რიგში, ჩვენმა მეგობრებმა და ამ ფაქტს გაგებით მოეკიდონ. თუ ნამდვილად ისინი არიან ჩვენი მეგობრები და თუ მართლაც სხვა განზრახვა და სხვა მიზანი არ აქვთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გუშინ გამოსცა განკარგულებები, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

ასევე ნახეთ

შალვა პაპუაშვილი – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან ხალხის სახელით საუბარი უნდა შეწყდეს

ვისაც უნდა, ჩამოვიდეს მისიით თუ ჯგუფით, ერთ რამეს ვურჩევდი მათ, იარონ უბან-უბან, სოფელ-სოფელ და რას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია