იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების კენჭისყრის პროცესში ოპოზიციამ პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვა.
კანდიდატების კენჭისყრის პროცესი შეჩერდა და პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. საპარლამენტო ოპოზიციამ გააპროტესტა კენჭისყრის დროს კვალიფიციური უმრავლესობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი არამოსამართლე წევრის არჩევა.
არამოსამართლე წევრების ასარჩევად 90-ხმიანი უმრავლესობა იყო საჭირო. მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის კონსენსუსი უნდა შემდგარიყო და კანდიდატები საერთო მხარდაჭერით აერჩიათ.
წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტში ასეთი პოლიტიკური შეთანხმება არ არსებობდა, თუმცა ფარული კენჭისყრის დროს 93, 91, 93 ხმის უმრავლესობით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩიეს.
„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 84 ხმა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულმა კანდიდატებმა ხმები ოპოზიციიდანაც მიიღეს.
კენჭისყრაზე სულ 29 კანდიდატია წარდგენილი, კენჭისყრის პროცედურა მე-11 კანდიდატის კენჭისყრისას შეწყდა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სულ 5 არამოსამართლე წევრია ასარჩევი.