პოლიტიკა

ანა ბუჩუკური – ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე

ვენეციის კომისიის დასკვნა მისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით არის უპრეცედენტო – დასკვნა პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე.

მისი აზრით, “ქართული ოცნება” დეოლიგარქიზაციის კანონს მაინც მიიღებს, ევროკავშირის რეკომენდაციების კონკრეტული პუნქტი შესრულებულად არ ჩაითვლება.

“გამოქვეყნდა ვენეციის კომისიის დასკვნა, რომელმაც „ოცნების“ ხელისუფლების მიერ მომზადებულ ე.წ. დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე პირდაპირ, შავით თეთრზე მიუთითა, რომ ის „ძირს უთხრის დემოკრატიას და კანონის უზენაესობას“, შესაბამისად ის არ უნდა იქნას მიღებული.

კომისიის მიერ წარმოდგენილი დასკვნა მისი შინაარსით, სიმძაფრითა და სიცხადით არის ფაქტობრივად უპრეცედენტო. ვენეციის კომისიამ პირდაპირ თქვა, რომ საქართველოში ოლიგარქიის პრობლემა არის პოლიტიკური ძალაუფლების ქონა პოლიტიკური მანდატის გარეშე – გავლენა პარლამენტზე, მთავრობაზე, სასამართლოზე და სამართალდამცავ ორგანოებზე. ფაქტობრივად, მსგავსი კანონპროექტის ინიცირებაც ადასტურებს ოლიგარქიული მმართველობის არსებობას.

კომისიის რეკომენდაციები სრულად ემთხვევა ჩვენი გუნდის, პარტია „საქართველოსთვის“ მიერ როგორც საჯაროდ, ისე პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფებში წარდგენილ მოსაზრებებს ოლიგარქიის პრობლემის აღსაკვეთად. კერძოდ, ამ პრობლემის აღმოფხვრა საქართველოში შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სისტემური რეფორმებით, მათ შორის: მართლმსაჯულების სისტემის რეფორმით, რომელმაც ასევე უნდა მოიცვას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმა; აუცილებელია მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლა და მისი პრევენცია; გამჭვირვალე ტენდერების განხორციელება; პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კონტროლის მექანიზმების გაძლიერება.

ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ოცნების” ხელისუფლება იტყუება, რომ თითქოს ის მუშაობს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.

ვენეციის კომისიის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ “ოცნების” ხელისუფლება ვაჭრობს საქართველოს და ქართველი ხალხის მომავლით და მზად არის სრულად გადაუსვას ხაზი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ ყველა პროგრესს საკუთარი, პირველ რიგში კი – ბიძინა ივანიშვილის პირადი კეთილდღეობის გამო.

კიდევ ერთხელ, მივმართავთ “ოცნების” ხელისუფლების თითოეულ წევრს – საკუთარი ქვეყნის ევროპული, თავისუფალი მომავლით ვაჭრობის გამო პასუხისმგებლობა იქნება ინდივიდუალური. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ვინმეს ოდესმე დაავიწყდება მათი დღევანდელი როლი, ან შეძლებს ამ პასუხისმგებლობისგან უკანა კარიდან გაპარვას, ძალიან ცდება,”- განაცხადა ბუჩუკურმა.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია