პოლიტიკა

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირული ტიტანიკის ნარჩენების სანახავად გადაჰყავდა

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაძირული ტიტანიკის ნარჩენების სანახავად გადაჰყავდა. ხომალდთან კავშირი წყალში მისი ჩაშვებიდან 1 საათსა და 45 წუთის შემდეგ გაწყდა 18 ივნისს. ბორტზე იმყოფებიან მგზავრები და ეკიპაჟის წევრები.

სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მასში ჩართულები არიან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო სამსახურები, ასევე წყალქვეშეთის მკვლევარი კომპანიები.

გაუჩინარებული წყალქვეშა ხომალდი, რომელიც ტურისტულ კომპანია OceanGate-ს ეკუთვნის, დაახლოებით, სატვირთო მანქანის ზომისაა. ბორტზე ის 5 ადამიანსა და ოთხი დღის სამყოფ ჟანგბადს იტევს. ამ ნავით 3 800 მეტრის სიღრმეზე ჩაძირული ტიტანიკის სანახავად ტურის ღირებულება $250 ათასს შეადგენს.

მსგავს წყალქვეშა ნავზე, როგორც წესი, პილოტი, ეკიპაჟის კიდევ ერთი წევრი და სამი ტურისტია ხოლმე. ხომალდი გეზს იღებს ტიტანიკის ჩაძირვის ადგილიდან 600 კილომეტრის დაშორებით, კუნძულ ნიუფაუნდლენდის მახლობლად. ტური 8 საათის განმავლობაში გრძელდება.

ტიტანიკი, რომელიც თავისი დროის უდიდეს გემად მიიჩნეოდა, 1912 წლის აპრილში, აისბერგთან შეჯახების გამო ჩაიძირა. ხომალდი ინგლისის ქალაქ საუთჰემპტონიდან ნიუ-იორკისკენ მიემგზავრებოდა. ჩაძირვის შედეგად, გემზე მყოფი 2 200 მგზავრიდან 1 500-ზე მეტი დაიღუპა.

ჩაძირული გემი 1985 წელს აღმოაჩინეს და მას შემდეგ ატლანტის ოკეანეში ტიტანიკის გამოსაკვლევად არაერთი ექსპედიცია განხორციელდა.

ასევე ნახეთ

ჰააგის სასამართლომ ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი გასცა

ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ისრაელის პრემიერი, ბენიამინ ნეთანიაჰუ, ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი იოავ გალანტი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია