Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინეთის საზღვაო ფლოტილა რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალებთან ერთად იაპონიის ზღვაში წვრთნების გასამართად გაემგზავრა. ამის შესახებ ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. მათი თქმით, წვრთნების მიზანი “სტრატეგიული წყლის გზების უსაფრთხოების დაცვაა”.
წვრთნები კოდური სახელწოდებით „ჩრდილოეთი/ინტერაქცია-2023“ მიმდინარეობს რაც ჩინეთსა და რუსეთს შორის გაძლიერებულ სამხედრო თანამშრომლობაზე მიანიშნებს. რუსეთის საზღვაო და საჰაერო ძალები მონაწილეობას მიიღებენ წვრთნებში, რომელიც იაპონიის ზღვაში გაიმართება.
ჩინური სახელმწიფო გამოცემა, Global Times-ი ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც რუსეთის როგორც საჰაერო, ისე საზღვაო ძალები წვრთნებში ჩინეთთან ერთად ჩაერთვება.