ოპოზიციონერი დეპუტატი, ხათუნა სამნიძე „გამარჯვების პლატფორმის“ ნაწილად ყოფნას არ აპირებს, თუმცა თანამშრომლობას არ გამორიცხავს.
მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დარწმუნებულია წინასაარჩევნოდ ოპოზიციურ რამდენიმე პოლიტიკურ ცენტრს ვიხილავთ.
„როგორც არაერთხელ ვთქვი, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილება, რომ გახდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ნაწილი, ლოგიკურ გაგრძელებას ითხოვს, რაც ნიშნავს რეფორმების პოლიტიკური ჯგუფის დატოვებას. რადგან ჯგუფში უმრავლესობას აბსოლუტურად განსხვავებული პოზიცია გვაქვს, არ ვაპირებთ ამ ცენტრის ნაწილად ყოფნას, რა თქმა უნდა, თანამშრომლობას არც გამოვრიცხავთ. გაერთიანება კიდევ მოხდება, ჯერ კიდევ პროცესია, დარწმუნებული ვარ წინასაარჩევნოდ რამდენიმე ოპოზიციურ პოლიტიკურ ცენტრს ვიხილავთ“,- აღნიშნა სამნიძემ.
გარდა ამისა, მან ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზეც ისაუბრა.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს დათქმებით. იმის გათვალისწინებით, რა მდგომარეობაშიც არის რეკომენდაციების შესრულების პროცესი. ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, არასამთავრობო სექტორი მაქსიმალურად არის ჩართული, ძირითადი ტვირთი ხელისუფლებაზეა, რომელიც სერიოზულ პოლიტიკურ შეცდომებს უშვებს და მიზანმიმართულად ესხმის თავს ჩვენს პარტნიორებს“,- აღნიშნა სამნიძემ.