Breaking News

ნათია თურნავა – ჩვენ გავაუმჯობესეთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 5%-დან ავწიეთ 6%-მდე – სულ მცირე 6%-ს ველოდებით, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ უფრო მაღალიც იყოს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ 2023 წლის ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ 6%-ზე მაღალიც იყოს. ეკონომიკური ზრდის ძირითადი მამოძრავებელი ფაქტორებია ინვესტიციები და საგარეო ვაჭრობა.

„ჩვენი მოლოდინი არის ასეთი, რომ ეკონომიკური ზრდა იმაზე უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ჩვენი თავდაპირველი მოლოდინი იყო. ჩვენ გავაუმჯობესეთ 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, 5%-დან ავწიეთ 6%-მდე. სულ მცირე 6%-ს ველოდებით, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ უფრო მაღალიც იყოს. ეს, ერთი მხრივ, ძალიან დიდი პოზიტივის მომტანია ქვეყნისთვის. ეს ნიშნავს, რომ ვითარდება მთელი რიგი დარგები, ეს ნიშნავს მეტ შემოსავლებს, ეს ნიშნავს იმას, რომ დასაქმების მაღალი დონე, რაც არის მიღწეული, კვლავაც შენარჩუნდება, თუმცა ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალყური, რომ მაღალი სამომხმარებლო მოთხოვნა ფასებზე, ნეგატიური შედეგის მომტანი არ იყოს. ამას ჩვენ ჩვენი ფრთხილი მონეტარული პოლიტიკით ვახორციელებთ. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის ძირითად მამოძრავებელ ელემენტებს, აქ ძირითადად ორი ფაქტორია მთავარი, ინვესტიციები და საგარეო ვაჭრობა. კარგია, რომ ინვესტიციები გააქტიურდა. მე გამოვყოფდი საფინანსო სექტორის, საბანკო სექტორის წამყვან როლს ეკონომიკურ ზრდაში. ჩვენი საფინანსო სექტორი არის ძალიან ჯანსაღი, ძლიერი და კვლავაც ასრულებს მნიშვნელოვან როლს ეკონომიკურ ზრდაში“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ინფლაციასთან დაკავშირებით, თურნავამ აღნიშნა, რომ მოქალაქეებისთვის ყველაზე საყურადღებო და პრაქტიკული დატვირთვის მქონე არის წლიური ინფლაციის მონაცემი, რომელიც არის კლებადი.

„ჩვენი მოსახლეობის სამომხმარებლო კალათაში არის წარმოდგენილი, როგორც ადგილობრივი წარმოების პროდუქტები, ასევე იმპორტული პროდუქცია. ჩვენ ვართ ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანა და ვაჭრობა ძალიან აქტიურია, მათ შორის იმპორტული საქონლის ფასებს აქვს მნიშვნელოვანი და პრაქტიკულად, განმსაზღვრელი როლი. მნიშვნელოვანია, რომ მყარი ლარის ფონზე იმპორტული ინფლაცია ანუ ის ინფლაცია, რომელიც დაკავშირებულია იმპორტული საქონლის ფასებთან, არის მნიშვნელოვნად შემცირებული ანუ არათუ არ იზრდება ამ კუთხით ფასები, არამედ ფასები ფიზიკურადაც მცირდება. ასევე, საწვავზე პერიოდულად იყო ფასების შემცირება. ფასები შემცირდა მთელ რიგ საკვებ პროდუქტებზე, ზეთზე… და ასევე, ამ ჭრილში მნიშვნელოვანი წილი აქვს მედიკამენტების ფასების შემცირებას. აქედან გამომდინარე, პროგნოზი საკმაოდ დამაიმედებელია. ჩვენი მოლოდინი არის, რომ წლის ბოლომდე,ლ ინფლაცია კვლავაც იქნება მიზნობრივზე დაბალი. ამასთან, ეს ტენდენცია გაგრძელდება და მიზნობრივ სამ პროცენტს 2024 წლის ბოლომდე მიუახლოვდება ან ამის ირგვლივ დაკონცენტრირდება. ჩვენი ყურადღება ახლა გამახვილებულია ტემპებზე. ვხედავთ, რომ ადგილობრივი საქონლის ინფლაციას ასევე, მოჰყვება იმპორტირებული საქონლის ფასების ტემპების შემცირება. ჩვენი ნაბიჯებით, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებით, გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ის პოზიტიური სტატუს-კვო, რაც დღეს ეკონომიკაში არსებობს. ჩვენი ბიზნესისთვის, საფინანსო სისტემისთვის მნიშვნელოვანია, რომ თანდათან გამოვიდეთ მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან. ჩვენ ამას ვაკეთებთ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით და ჩვენ ამას გავაკეთებთ ფრთხილი ეტაპობრივი ნაბიჯებით“, – განაცხადა თურნავამ.

„ზოგადად, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე ორი მუდმივი ამოცანა, გამოწვევა გვაქვს. ეს არის ფასების სტაბილურობის დონის მიღწევა და ფინანსური სექტორის სტაბილურობა, სადაც საკმაოდ კარგი ვითარებაა. ჩვენი საფინანსო სექტორი, ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, მდგრადია, რისკების თვალსაზრისით საკმაოდ დაცული და მზად არის გაუძლოს ყველა პოტენციურ, სერიოზულ გამოწვევას, თუმცა თუ უფრო ტაქტიკურ ამოცანებზე ვისაუბრებთ – მოგეხსენებათ, საქართველო ვითარდება როგორც ეკონომიკური ჰაბი და ასევე, უნდა განვითარდეს როგორც ფინანსური ჰაბი, რადგან მზარდ ეკონომიკას მზარდი ფინანსები სჭირდება. შესაბამისად, ჩვენი ამოცანა იქნება საფინანსო სექტორის უფრო მეტი განვითარება, ახალი ტექნოლოგიების, ახალი მოთამაშეების გაჩენა, იქნება ეს ციფრული ბანკები, მიკრო ბანკები; ძალიან საინტერესო ახლი ჩარჩო, რასაც საფინანსო ბაზრის პოტენციურ მონაწილეებს ვთავაზობთ; ასევე კაპიტალის განვითარება თუ სხვა. ანუ – უფრო მეტი, უფრო მარტივი წვდომა ფინანსებზე მოსახლეობასა და ბიზნესს – ეს არის პირველი. ამ კონტექსტში განვიხილავთ კონკურენციის ხელშეწყობასაც საფინანსო ბაზარზე. მეორე კი, ასევე მნიშვნელოვანი და მუდმივი საზრუნავი, ეს არის მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ამ კუთხითაც გვაქვს და გვექნება ბევრი სიახლე, რათა მომხმარებლის პირადი ინფორმაცია და ინტერესები უფრო მეტად იყოს დაცული“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Check Also

კრიპტოვალუტის ფასი გაიზარდა

ორშაბათს ბიტკოინის ფასმა მკვეთრად მოიმატა და 87.000 დოლარს გადააჭარბა. რეკორდულ ზრდას უკავშირებენ მოლოდინს, რომ ტრამპის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია