ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ინფორმაცია აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა გაავრცელა.
მათი ინფორმაციით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები ოთარ ფარცხალაძის გარდა 24 ინდივიდზე გავრცელდება.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქს უწოდებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.
საქართველოში საზიანო გავლენასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი, ასევე, რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე ონიშჩენკოს ასახელებს, რომელიც ასევე, შეყვანილია სასანქციო სიაში.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ონიშჩენკო რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოფიცერია, რომელიც, სავარაუდოდ, დაეხმარა მის პარტნიორ ფარცხალაძეს რუსეთის პასპორტისა და, შესაძლოა, რუსეთის მოქალაქეობის აღებაში. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძემ სრულიად აითვისა რუსული იდენტობა და რუსეთში ხშირად მოგზაურობს.
მათი ცნობით, ონიშჩენკო და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ფარცხალაძეზე საკუთარ ბერკეტებს იყენებდნენ, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინათ ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.
ამავდროულად, გავრცელებული ინფორმაციით, ფარცხალაძე “ეფესბესთან” კავშირებით პირად სარგებელს იღებდა.
ამის გარდა, სანქციები რუსეთში დაფუძნებულ ორ მენეჯმენტის საკონსულტაციო კომპანიაზეც გავრცელდა, რომელთა 50% ფარცხალაძეს ეკუთვნის: LLC Moscow Business Brokerage და LLC International Business Corporation.
Associated Press-ი წერს, რომ აშშ რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან და საქართველოდან 150-ზე მეტ ბიზნესსა და ინდივიდს ასანქცირებს, რათა კრემლის ტექნოლოგიებზე, ფულსა და ფინანსურ არხებზე წვდომა აღკვეთოს უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობას 2013 წლის 7 ნოემბერიდან – 2013 წლის 30 დეკემბერამდე იკავებდა.