ამ პროცესზე პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორც დღეს არიან მისი წარმომადგენლები, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას დასრულების შემდეგ.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის მიუღებელი იყო ამ მდგომარეობაში ყოფნა და, სწორედ, ამიტომ არ ჩავიდა ბათუმში
„ამ პროცესზე პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორც დღეს არიან მისი წარმომადგენლები. ვხედავთ, რომ ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. აბსურდის მტკიცება უწევთ. ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა, შესაბამისად შევდივარ მათ მდგომარეობაში. პრეზიდენტი თვითონ, რომ ჩამოსულიყო ბუნებრივია თვითონ მოუწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, რაც მისთვის იყო მიუღებელი და, სწორედ, ამიტომ არ ჩამოვიდა“,- განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან, არგუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი.
„ელემენტარულ კითხვებზე ვერ მივიღეთ პასუხი. ზღვარს ვერ ავლებენ სტატუსსა და უფლებამოსილებებს შორის. ეს ხომ იურისპრუდენციის საკითხიც კი არ არის, ეს არის ლინგვისტური განმარტების ამბავი, რომ სტატუსი არის სხვა და უფლებამოსილება სხვა რამ“,- განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, თუ რომელ კითხვაზე ვერ მიიღეს მთავრობის წარმომადგენლებმა პასუხი, კობახიძემ განაცხადა, რომ იმასთან დაკავშირებით თუ რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებას შორის.
„ან ვერ ამბობენ, ან არ ამბობენ, ან არ უნდათ ამის თქმა. არ აწყობთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. როგორც კი ერთმანეთისგან გავმიჯნავთ, სტატუსსა და უფლებამოსილებას, უკვე თავზე გენგრევა ყველა აგრესიული არგუმენტი“, – განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, რატომ არ არის კონსტიტუციის დარღვევა მთავრობის თანხმობის გარეშე ქვეყნის შიგნით პრეზიდენტის მიერ შეხვედრების წარმოება, კობახიძის თქმით, ამ შემთხვევაში მთავრობა იძლევა მდუმარე თანხმობას.
„რეალურად ასეთი პრაქტიკაა, რომ მთავრობა იძლევა მდუმარე თანხმობას, როდესაც ქვეყნის შიგნით ხორციელდება საგარეო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ეს პრაქტიკა მე არ მომწონს, კანონში არის დასაზუსტებელი ნორმები, ეს არის ხარვეზი, რა თქმა უნდა მთავრობის პრაქტიკაც არის შესაცვლელი, მაგრამ ეს არ არის კავშირში კონსტიტუციის დარღვევის თემასთან. პრეზიდენტმა იცოდა, რომ კონკრეტული ვიზიტის დროს მას სჭირდებოდა თანხმობა. პრეზიდენტმა მიმართა მთავრობას, ვერ მიიღო თანხმობა და მაინც წავიდა“,- განაცხადა კობახიძემ.
პროცესი ხვალ გაგრძელდება, სადაც ასევე შემაჯამებელ სიტყვას იტყვიან მთავრობის წევრები.