საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა გამოაქვეყნა.
სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპაში, მთავრობის უნებართვო ვიზიტების განხორციელებით, ქვეყნის კონსტიტუცია დაარღვია. ამასთან, როგორც ტურავამ აღნიშნა, დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა სამმა მოსამართლემ – ირინა იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.
“საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის, 1-ელ მუხლის „ა“ ქვეპუნტქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას.
დასკვნა ძალაშია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. დასკვნას დაერთოს მოსამართლეების, ირინე იმერლიშვილის, გიორგი კვერენჩხილაძისა და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული აზრი”, – განაცხადა სასამართლოს დასკვნის წაკითხვისას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავამ.
ცნობისთვის, მმართველი გუნდის მიერ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებას 3 დღის განმავლობაში განიხილავდა.
პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო.