“მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა ევროკავშირის მოთხოვნით, ეს იყო პირდაპირ ევროკავშირის მოთხოვნა. ჩვენ არ გვქონდა არავითარი პოლიტიკური მიზანი და ინტერესი, რომ ასეთი კონკრეტული კანონი მოგვემზადებინა, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მომზადება ევროკავშირის მოთხოვნა იყო.
„თითოეული დეტალი შეთანხმდა ევროკავშირთან. ამის მიუხედავად, ოპოზიციამ მაინც მოახერხა სპეკულირება, მხარი არ დაუჭირა ამ კანონპროექტს. პრეზიდენტს მოუწოდეს, რომ ვეტო დაედო ამ კანონისთვის და ა.შ. ეს ყველაფერი ასევე მიანიშნებს იმაზე, რომ ყველაფერს აკეთებენ კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ეს ადამიანები. სადაც ევროკავშირის მოთხოვნა შესრულდა და ყველაფერი გავლილი იყო ევროკავშირთან, იქაც კი მოახერხეს სპეკულირება“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმაც აღნიშნა, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა, სტანდარტებს აკმაყოფილებს.