იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე 7 ნოემბერთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადება შეაფასა.
„ეს ყველაფერი, ცალსახად იმაზე მეტყველებს, რომ ამ ადამიანს არ აქვს გააზრებული, თუ რა დანაშაული ჩაიდინა, მითუმეტეს, ამას არც ინანიებს და კიდევე ერთხელ საუბრობს და ცდილობს, მედიაზე თავდასხმა გაამართლოს. რა თქმა უნდა, 7 ნოემბერი სხვა არაფერი იყო, რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, თუ არა მედიაზე სასტიკი თავდასხმა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თუკი ამას რომელიმე ადამიანი ცდილობს, რომ გაამართლოს, რა თქმა უნდა, მას დემოკრატიის თანამედროვე გაგებასთან საერთო არაფერი აქვს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძემ სააკაშვილის მიერ საკუთარ შეწყალების შესახებ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მან პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა.
მინისტრის თქმით, თუ ადამიანი არ აღიარებს, რომ დანაშაული აქვს ჩადენილი, მისთვის წარმოუდგენელია, რა ფორმით უნდა შეიწყალონ ის.
„რაც შეეხება მის მოთხოვნას შეწყალების შესახებ, პირდაპირ რომ გითხრათ, ცოტათი არათანმიმდევრულია, ძალიან რბილად რომ ვთქვათ. როდესაც ადამიანი შეწყალებას ითხოვს გააზრებული და აღიარებული უნდა ჰქონდეს ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად, ეს ადამიანი არა თუ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არამედ კიდევ ცდილობს, რომ 7 ნოემბერი და ასევე თავისუფალ მედიაზე სასტიკი თავდასხმა გაამართლოს, სადაც მათი ტექნიკა დალეწეს, ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს და ა.შ. შესაბამისად, ადამიანი როდესაც დანაშაულს არ აღიარებს, ჩემთვის სრულად გაუგებარია, რა ფორმით უნდა იყოს ის შეწყალებული, თუ მას „არ ჩაუდენია დანაშაული, თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს“ იმ ქმედებაში, რაც მთელმა მსოფლიომ იხილა, ვგულისხმობ ტელეკომპანია „იმედის“ დარბევას პირდაპირ ეთერში. როგორ უნდა მიიღოს ადამიანმა ამაზე შესაბამისი გადაწყვეტილება, ვგულისხმობ დადებით გადაწყვეტილებას, ჩემთვის პირადად სრულიად წარმოუდგენელია“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
ამასთან, იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს მოქალაქე არ არის და ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის არანაირი ბერკეტი არ აქვს.
„თავდაპირველად საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა შევახსენო, რომ როდესაც მსჯავრდადებულ სააკაშვილზე ვსაუბრობთ, ის იყო მთავარსარდალი, მათ შორის ამ ქვეყნის სახელმწიფოს მეთაურობასთან ერთად და კარგად უნდა ახსოვდეს ყველას, რომ ამ ადამიანმა საკუთარი ნებით, ფაქტობრივად, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. დღეს ეს ადამიანი საქართველოს მოქალაქე არ არის და მას საერთოდ არავითარი სამართლებრივი ბერკეტი არ აქვს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობის. ის არ არის ამ პარტიის პოლიტიკური წევრიც. შესაბამისად, კიდევ ერთხელ დასტურდება ის, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არის არაფორმალურად მართული, მათ შორის უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ, პოლიტიკური გაერთიანება, რაც ვფიქრობ ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური პარტია. საქართველოს მოსახლეობა ალბათ, კიდევ ერთხელ, საკმაოდ მკაცრ პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანს არაფორმალურად მართულ პოლიტიკურ გაერთიანებას. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და მის განცხადებებს, გეტყვით ერთს, რომ საუკეთესო ჯანმრთელობას ვუსურვებ. გადაყვანასთან დაკავშირებით გეტყვით იმას, რომ როგორც კი იქნება ექიმების რეკომენდაცია, ის, რა თქმა უნდა, გადაყვანილი იქნება პენიტენციურ დაწესებულებაში“, – განაცხადა მინისტრმა.