პოლიტიკა

„გირჩის“ ინიციატივას საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს

პარლამენტი, დაჩქარებული წესით, “გირჩის” საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას იწყებს, რომელიც საპარლამენტო საარჩევნო სიის ფორმირებისას გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს.

“საარჩევნო კოდექსსა” და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, 2 აპრილის სხდომაზე, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი განიხილავს.

“გირჩის” პროექტს მმართველი უმრავლესობა მხარს უჭერს – დაგეგმილია მიმდინარე სასესიო კვირის განმავლობაში მისი სამივე მოსმენით განხილვა და დამტკიცება.

როგორც უმრავლესობა განმარტავს, შედგა შეთანხმება იმის თაობაზე, რომ უმრავლესობა “გირჩის” საკანონმდებლო ინიციატივას მხარს დაუჭერს, ხოლო “გირჩი” ცესკოს თავმჯდომარის არჩევის პროცესში “კანდიდატის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე იქნება ორიენტირებული და საკითხი პირადი პოლიტიკური თემებისთვის არ იქნება გამოყენებული”.

პარლამენტის ბიუროს 1-ელ აპრილს პოლიტიკური ჯგუფის “გირჩის” მიერ მომზადებული პროექტი წარედგინა, რომელიც საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმებას ითვალისწინებს.

“გირჩის” პროექტის თანახმად, ყველა ის საკანონმდებლო ნორმა უქმდება, რომელიც სიების შედგენისას გენდერული კვოტირების გათვალისწინებას ითხოვს.

როგორც ინიციატორები განმარტავენ, პოლიტიკური პარტიის მიზნებისათვის კვოტირების მექანიზმი გამოუსადეგარია. მათივე განცხადებით, გენდერული კვოტირების მექანიზმი წარმოადგენს შეზღუდვას როგორც პოლიტიკური პარტიებისთვის, ასევე იმ სქესის წარმომადგენლებისთვის, ვისი გაძლიერების მოტივითაც აღნიშნული ნორმა შეიქმნა.

“სქესის მიხედვით პოლიტიკური პარტიის სიის ფორმირებას ლოგიკური შინაარსი არ გააჩნია. ასეთი ხელოვნური ჩარევით ქალების პოლიტიკაში ჩართულობა სერიოზულ სახეს ვერასოდეს ვერ მიიღებს.

კანონპროექტის მიზანია დაეხმაროს პოლიტიკით დაინტერესებულ ქალებს თავი დააღწიონ კვოტით გამოწვეულ რეპუტაციულ ზიანს. სქესის ნიშნით კვოტირება კიდევ უფრო აღრმავებს ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს, რის გამოც ქალების სათანადო პოლიტიკურ მოთამაშეებად აღქმა რთულია.

კვოტები რომ ქალთა გაძლიერებას არ უკავშირდება ამას ბევრი ქვეყნის მაგალითი ამტკიცებს, მათ შორის არის რუანდა, ქვეყანა სადაც ქვედა პალატაში 80 ადგილიდან 49-ქალს უკავია, თუმცა ვერავინ იტყვის, რომ ამ ქვეყანაში ქალთა უფლებები სანიმუშოდ არის დაცული, განსხვავებით გერმანიისგან, სადაც საკონსტიტუციო სასამართლომ სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღება არაკონსტიტუციურად ცნო”, – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე პროექტით, პარტიებს ექნებათ უფლება, საარჩევნო სიაში პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობა განსაზღვრონ არანაკლებ 30 წევრით, ნაცვლად 60-ისა.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის 26 ოქტომბრისა და შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სიების ყოველ ოთხეულში ერთი მაინც ქალი უნდა იყოს, ხოლო პარლამენტის 2028 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისა და შემდგომი, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის – ქალი პარტიული სიის ყოველ სამეულში უნდა იყოს.

ასევე ნახეთ

მაკა ბოჭორიშვილი – უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ქვეყნის გამთლიანება და და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენა

ქვეყნის გამთლიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის თვალსაზრისით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საერთაშორისო დღის წესრიგში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია