დღეს კიდევ უფრო აშკარაა, რომ საქართველოსაც კანონმდებლობა და რეგულაციები სჭირდება. ისევე, როგორც ბიზნესს და სახელმწიფო სექტორს ევალებათ ინფორმაციის გასაჯაროება, იგივე უნდა გააკეთონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირება დემოკრატიის ფუნდამენტური პირობაა და სწორედ ამას ემსახურება ეს ინიციატივა.
„აქამდე ვერცერთი სოლიდური არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, მისი სუვერენიტეტის და დემოკრატიული სისტემის დაცვას გარე ჩარევისგან. არასამთავრობო ორგანიზაციებს ამოფარებული არიან პარტიები, რომლებიც ქვეყანაში ძალადობასა და დესტაბილიზაციას პირდაპირ აორგანიზებენ. ისინი ფინანსდებოდნენ ყოველგვარი ანგარიშვალდებულების გარეშე. ასევე არიან ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებისთვის ძირის გამოთხრას ცდილობდნენ, თუმცა ხელისუფლებამ ეს პროვოკაცია თავიდან აიცილა, რაც ძირს უთხრიდა ქვეყნის დემოკრატიას. მაგალითები ადასტურებს, რომ საჭიროა გამჭვირვალობა, ვალდებულება, რომ დეკლარაცია ჩააბარონ არასამთავრობო ორგანიზაციებმა. თუ ვინმე და რამე სამოქალაქო საზოგადოებას და მის იდეას აზიანებს, ეს არასამთავრობო სექტორს ამოფარებული პარტიები არიან. ასევე ის პარტიები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებად არიან დარეგისტრირებული. მათ პოლიტიკაში ყოფნა უნდათ, მაგრამ არ უნდათ გამოჩენა. ამიტომ ეს უნდა იყოს გამჭვირვალე და თავიანთი საქმიანობა განაგრძონ, მაგრამ თქვან, საიდან იღებენ დაფინანსებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.