თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის მასშტაბით, ტრადიციულად, დაგეგმილია საბავშვო-გასართობი ღონისძიებები.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ცენტრალური ღონისძიება ჩატარდება დედაენის ბაღში, სადაც მთელი დღის განმავლობაში იქნება სივრცითი აქტივობები, სხვადასხვა გასართობი შოუ პროგრამა, საბავშვო სადგურები, თეატრალური წარმოდგენა „ჟოზე“. ღონისძიების დასასრულს, 20:00 საათზე გაიმართება „რანინას“ კონცერტი.
დედაქალაქის მერიის ცნობით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღე ასევე აღინიშნება თბილისის რამდენიმე რაიონში.
კერძოდ, საბავშვო გასართობი ღონისძიებები გაიმართება შემდეგ მისამართებზე: კრწანისი, გულიას 1-ელი ჩიხი N6-ში არსებული სკვერი – 16:00-20:00 საათი; მთაწმინდა, 9 აპრილის სახელობის ბაღი – 13:00-16:00 საათი; ვაკე, ციციშვილის სახელობის სკვერი – 14:00-17:00 საათი; ისანი, ვაზისუბნის IV მ/რ, 1-ელი კვარტალი, კორპუსი N4-ის მიმდებარედ არსებული სკვერი – 16:00-19:00 საათი.
დედაენის ბაღში 17:00-21:30 საათებში დაგეგმილი საბავშვო გასართობი პროგრამა ასეთია: საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა; ახალგაზრდა მეწარმეების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა-საბავშვო თემატიკა; ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე; ბროშების დამზადების სადგური; მეზღაპრის კუთხე; თითების თეატრის წარმოდგენები; VR-სივრცე – გასართობი და შემეცნებითი თამაშებით; საპნის ბუშტების შოუ; ქიმიური ექსპერიმენტი და ფერადი ქაფების შოუ; 10-მდე საბავშვო-გასართობი სადგური; საბავშვო ატრაქციონები; მინი-გოლფი; სკეიტ-შოუ; ფოტოზონა-გიფერი; დრამერებისა და ჩასაბერი ინსტრუმენტების ორკესტრის თანხლებით დიდი თოჯინებისა და პერსონაჟების კარნავალი/მსვლელობა; ზღაპრის გმირები; 18:00-19:00 – თოჯინების სპექტაკლი „ჟოზე“; 20:00 – „რანინას“ კონცერტი.
ღონისძიებებზე დასწრება თავისუფალია.