პოლიტიკა

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს

ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს. ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ოუენ მერფიმ.

ოუენ მერფიმ პრესკონფერენციის დასაწყისში მადლობა გადაიხადა სადამკვირვებლო მისიის დროულად მოწვევისთვის და მისიის მიერ დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა.

„ჩვენ 17 სადამკვირვებლო მისიაში გვაქვს მონაწილეობა მიღებული და ეს იქნება მე-18 მისია. დღეს გვქონდა შეხვედრა ცესკო-ში და ჩვენს გუნდს ჰქონდა შესაძლებლობა, თავისი ამოცანები და საქმიანობის მონახაზი გაეცნო იქ მყოფთათვის. მოგვიანებით, გექნება შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში. მადლობას ვუხდით როგორც სამინისტროს, ასევე ცესკო-ს თამანშრომლობისთვის. ველოდებით, რომ მომდევნო კვირებშიც გვექნება ახლო თანამშრომლობა.

მისიის შემადგენლობაშია 12 საერთაშორისო ექსპერტი. ჩვენი ძირითადი ჯგუფი განთავსებულია თბილისში და დროებითი ოფისი გვაქვს გახსნილი მომდევნო შვიდი კვირისთვის. 17 სექტემბერს კიდევ 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი შემოგვიერთდება და გადანაწილდებიან მთელი საქართველოს მასშტაბით 15 ტერიტორიულ ერთეულზე. ისინი დაკვირვებას განახორციელებენ საარჩევნო პროცესებზე. არჩევნების წინა დღეს საქართველოში ჩამოვა კიდევ 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი. ისინი უშუალოდ იქნებიან ჩართული და განახორციელებენ დაკვირვებას ხმის მიცემის პროცესზე, მთელ პროცედურაზე მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენი გამოცდილება 20 წლის განმავლობაში დაგროვებული ცოდნის საფუძველზე დაიხვეწა, დაკვირვება განხორციელებული გვაქვს 450-ზე მეტ საარჩევნო პროცესზე და ჩვენი პრინციპი გახლავთ მიუკერძოებლობა. დაკვირვებას ვაწარმოებთ არჩევნების დაწყებამდე, არჩევნების პროცესში და შემდგომ პერიოდში. ეს იქნება ადმინისტრაციული მომზადება, რეგისტრაცია, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა და დაფინანსება. დაკვირვების ნაწილია ასევე მედიაგარემო, მედიის მხრიდან პროცესების გაშუქება და მთლიანობაში საკანონმდებლო ჩარჩო, როგორ ხდება სადავო საკითხების გადაწყვეტა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვექნება მრავალი შეხვედრა, ეს იქნება საარჩევნო ადმინისტრაციასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მედიასთან“, – აღნიშნა ოუენ მერფიმ.

ამასთან, მისივე თქმით, სადამკვირვებლო მისიის ერთ-ერთი ამოცანა იქნება მედიის მონიტორინგი, რაც გულისხმობს როგორც რაოდენობრივ, ასევე ხარისხობრივ შეფასებას.

„ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ, ვიყოთ მიუკერძოებლები და ძალიან თანმიმდევრულები ჩვენს შეფასებებში. ჩვენი შეფასებების ძალიან ნათელი კრიტერიუმებია ის პრინციპები, რაც გააჩნია OSCE-ს, საერთაშორისო სტანდარტები და ის ვალდებულებები, რომელიც დაკავშირებულია არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებასთან, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. ჩვენი ამოცანა არ არის, შევადაროთ ეს არჩევნები წინა არჩევნებს. ჩვენი საფიქრალია არჩევნების პროცესის მიმდინარეობა. არ ვერევით ამ პროცესში“, – აღნიშნა მერფიმ.

მისივე განცხადებით, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია წარადგენს დაკვირვების შუალედურ ანგარიშს, ხოლო საბოლოო ანგარიში საარჩევნო პროცესის დასრულებიდან რამდენიმე თვეში გამოქვეყნდება.

„ჩვენი როლია დაკვირვება და დაკვირვების შედეგები გამოქვეყნდება ჩვენს ანგარიშში. არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ჩვენ გამოვცემთ შუალედურ ანგარიშს იმ მომენტისთვის არსებული მდგომარეობის შეფასების შესახებ. საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებას კი დასჭირდება არჩევნების შემდეგ დაახლოებით ორი-სამი თვე. ალბათ ანგარიშში შევა გარკვეული რეკომენდაციები, რომელიც პასუხისმგებელმა მხარეებმა და პირებმა უნდა გაითვალისწინონ. ჩვენი მისიის საქმიანობა არის გამჭვირვალე. აქ ყოფნის პერიოდში ჩვენ ვიქნებით ღია მედიისთვის“, – განაცხადა ოუენ მერფიმ.

ასევე ნახეთ

გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. ცესკოს თავმჯდომარე 26 ოქტომბრის არჩევნების …

ჩანთების ონლაინ მაღაზია