„ქართული ოცნების“ პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი კანონპროექტს, რომლითაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების კანონში რიგი პრივილეგიები უქმდება.
პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ და ხვალ ორი კენჭისყრით საბოლოოდ მიიღებენ.
დღევანდელ სხდომაზე მომხსენებელმა დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ კანონი, რომელშიც ცვლილებები შედის, არის ე.წ. „ბოკერია-რამიშვილის კანონი“, რომლითაც სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებასა და სხვა უფლებებს შორის ბალანსი დარღვეული იყო.
♦︎ კანონპროექტით ზუსტდება ცილისწამების განმარტება;
♦︎ კანონის შინაარსობრივი რეგულირება გავრცელდება საჯარო სივრცეში შეურაცხყოფაზე;
♦︎ სასამართლოში ცილისწამების საქმეზე მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე;
♦︎ უქმდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საწინააღმდეგოდ;
♦︎ უქმდება კვალიფიციური პრივილეგია ცილისწამებისთვის;
♦︎ ახალი რედაქციის მიღების შემდეგ, პროფესიული საიდუმლოების/წყაროს გამხელაზე უარი, შესაძლოა, მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების საფუძველი გახდეს;
♦︎ ახალი რედაქციის მიღების შემდეგ, გამოხატვის თავისუფლება, შესაძლოა, შეიზღუდოს კერძო ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით;
♦︎ იცვლება ცილისწამებით მიღებული ზიანის ანაზღაურების წესი. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ უარყოფა ან შესწორება არაა საკმარისი, მოპასუხეს, შესაძლოა, დაეკისროს ქონებრივი/არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება.
♦︎ ცილისწამების დავებს სასამართლო შემჭიდროვებულ ვადებში განიხილავს. ცილისწამების დავაზე მორიგებისთვის 10 დღე განისაზღვრება.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, გარდამავალ დებულებებში აისახება, რომ ახალი კანონით განისჯება სავარაუდო ცილისწამების შემცველი ისეთი განცხადებები, რომელიც კანონის ამოქმედებამდე გაკეთდა, თუმცა სარჩელი ამ დრომდე შეტანილი არ ყოფილა.
🗯️ „პირობითად, კანონი ამოქმედდა 1 აგვისტოს და პირველ აგვისტომდე ხომ გვაქვს განცხადების გაკეთების 100-დღიანი ვადა ხანდაზმულობაზე, 1 ივლისს გაკეთებული განცხადება თუ იქნება ცილისწამების შემცველი, თუკი სარჩელი არ იქნა წარდგენილი აქამდე, ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სარჩელი უკვე შევა ახალი რეგულაციით“, – განაცხადა მათიკაშვილმა, რომელმაც ამ თემის გადაწყვეტისთვის მადლობა თეა წულუკიანს გადაუხადა.