მარნეულში, აივნის ჩამონგრევის შედეგად, დაღუპულია 40 წლამდე ქალი, ასევე, რვა თვის ორსული, თუმცა ექიმებმა ჩვილის გადარჩენა შეძლეს.
ორსული კლინიკაში შესვლის დროს უკვე დაღუპული იყო, მას საკეისრო კვეთა ჩაუტარდა და ნაყოფის გადარჩენა მოხერხდა.
„კლინიკაში შემოსვლისას, პაციენტი გვამი იყო. ნაყოფის ამოყვანისას, ნაყოფთანაც იყო გულის გაჩერება, მაგრამ, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, ბავშვი გადარჩა“, – ამბობს კლინიკის მორიგე ექიმი ლელა სულაქველიძე ჟურნალისტებთან საუბრისას.
საავადმყოფოშია გარდაცვლილი ქალის ორი შვილი. შვიდი და რვა წლის მოზარდების მდგომარეობა სტაბილურია. ერთი მათგანი კლინიკაში რჩება, მეორე კი სპეციალიზებულ კლინიკაში გადაიყვანეს.
მეხუთე სართულის აივანი მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, გუშინ ჩამოინგრა, რამაც ქვედა სართულებზე აივნების ჩამოშლა გამოიწვია. ადგილობრივების ინფორმაციით, შენობა ავარიულია, რასაც მარნეულის მერიაში უარყოფენ.
ტრაგედიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.