Breaking News

ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, 5 ივლისის საქმე გამოსაძიებლად გენპროკურატურის უნდა გადაეცეს

საია-მ 2021 წლის 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შედეგები წარმოადგინა. საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, 5 ივლისის საქმეზე მიმდინარე გამოძიებასთან არაეფექტურობასთან დაკავშირებით არაერთი პრობლემა იკვეთება. კერძოდ, საქმეზე 30 პირია გამოვლენილი, რომელთა მიმართ უმრავლეს შემთხვევაში სასჯელი პროპორციული არ ყოფილა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რომ „ამ 30 ადამიანს მიღმა არის კიდევ ბევრი მოძალადე, რომელიც სახელმწიფოს არ გამოუვლენია და არ დაუსჯია“.

ორგანიზაციის თავმჯდომარე შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მოუწოდებს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა აქციის ორგანიზატორების მიმართაც დაიწყოს.

„დღეს გავიდა 1 წელი 5 ივლისის ტრაგიკული მოვლენებიდან. გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რა გააკეთა, ან რა არ გააკეთა სახელმწიფომ იმისათვის, რომ გამოძიებული ყოფილიყო საშინელი დანაშაულები, რომელიც ჩაიდინეს მოძალადე ჯგუფებმა. გვახსოვს სახელმწიფოს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების და პრემიერ-მინისტრის მხრიდან წახალისება, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო მოძალადე ჯგუფებს. ვხედავთ პრობლემებს გამოძიების არაეფექტურობასთან მიმართებით. საქმეზე 30 პირია გამოვლენილი, რომელთა მიმართ უმრავლეს შემთხვევაში სასჯელი პროპორციული არ ყოფილა. უფრო მნიშვნელოვანია, რომ ამ 30 ადამიანს მიღმა არის კიდევ ბევრი მოძალადე, რომელიც სახელმწიფოს არ გამოუვლენია და არ დაუსჯია. ასევე მნიშვნელოვანია აქციის ორგანიზატორების ნაწილიც, რადგან სახელმწიფოს და საგამოძიებო ორგანოებს არავითარი ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამთ. ვერ ვხედავთ ნაბიჯებს ორგანიზატორების მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მტკიცებულება არსებობს.

ეს ადამიანები არიან: ზურა მახარაძე, ირაკლი მარტინენკო, შოთა მარტინენკო, გიორგი ქარდავა, კონსტანტინე მორგოშია, ალექსანდრე და გურამ ფალავანდიშვილები, ასევე სპირიდონ ცქიფურიშვილი. მოვუწოდოთ სამართლებრივ ორგანოებს, რომ მათ მიმართებით არსებობს სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი“, – აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან არ გადადგმულა არავითარი ეფექტური ნაბიჯები ქმედებათა პრევენციისთვის და არ მომხდარა პოლიციის სათანადო მობილიზება, ან შესაბამისად ეკიპირება.

„სახელმწიფოს მხრიდან არ ყოფილა გადადგმული არავითარი ეფექტური ნაბიჯი ამ ქმედებათა პრევენციისთვის. ეს ჯგუფები დათარეშობდნენ დედაქალაქის ქუჩებში და არ მომხდარა პოლიციის სათანადო მობილიზება, ან შესაბამისად ეკიპირება. სახელმწიფოს ნაბიჯები იყო გაუაზრებელი და დაუგეგმავი, მათი მხრიდან პირდაპირ უმოქმედობას ჰქონდა ადგილი.

საქართველოს პროკურატურას მოვუწოდებთ:

1. ორგანიზატორების ნაწილში მიმდინარე საქმე, რომლის გამოძიებაც თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს, გადაეცეს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს.

2. გვაცნობონ მიმდინარეობს თუ არა გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს სათანადო უფლებამოსილი მოხელეების უმოქმედობასა ან არაჯეროვანი ქმედების ფაქტთან დაკავშირებით.

3. 5-6 ივლისთან დაკავშირებით გამოიძიონ სუს-ის მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულები“, – აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა.

Check Also

სასამართლომ მელიქიშვილის გამზირზე დაკავებულთაგან 3 პირი სამართალდამრღვევად ცნო

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულებიდან სამი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია