ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა ვცდილობდეთ, რომ ევროპელებს თავი მოვაწონოთ, რათა ის შესაძლებლობა ექვს თვეში მაინც მოგვეცეს, რომელიც ახლა არ მოგვეცა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დეპოლარიზაციისთვის ყველაზე ეფექტური ნაბიჯი საარჩევნო ბარიერის დაწევაა.
„ადამიანს, რომელსაც ვინმესთვის თავის მოწონება უნდა იმ წინადადებებით და ტონალობით შეიძლება ლაპარაკობდეს, როგორსაც ჩვენ ვისმენდით კობახიძისგან ევროინტეგრაციასა და საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით? – მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ მიზანი ის არ არის, რასაც აცხადებენ, შეიძლება, საერთოდ სხვა მიზანი აქვთ, რომელიც ჩვენ არ ვიცით. სხვა შემთხვევაში, ასე ცდილობდე ვინმეს თავი მოაწონო, უცნაურია. საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ულტიმატუმი ჩვენგან არ არის, ეს მოთხოვნა არის ევროკომისიის, რომ დეპოლარიზაცია მოხდეს. ამისთვის ყველაზე ეფექტური ნაბიჯი საარჩევნო ბარიერის დაწევაა. როცა ულტიმატუმზე საუბრობენ, ეს ულტიმატუმი იყო თუ არა, კარგად წაიკითხონ ევროპელების დოკუმენტები და გაიგებენ, ეს ულტიმატუმია თუ პირობები, რომელიც უნდა შევასრულოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.