მიხეილ სარჯველაძემ 12 პუნქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა:
”როგორც ცნობილია, ევროკომისიის გადაწყვეტილების მიხედვით საქართველოსთვის განისაზღვრა 12 ამოცანა იმავე გადაწყვეტილებით დადასტურებული ევროპული პერსპექტივის შემდგომი პროგრესის უზრუნველსაყოფად. ამ ამოცანათა შორის მე-11 გულისხმობს საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას, რომლის შედეგადაც წახალისდება და გაიზრდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მეშვეობით დამკვიდრებული პრაქტიკის გამოყენება საქართველოს სასამართლოების იურისპრუდენციაში. როგორც ცნობილია, ჩვენს მიერ შემოთავაზებული გეგმის მიხედვით ამ ამოცანაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი იმუშავებს. მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია აღნიშნული ამოცანის შესრულების პროგრესის შესახებ.
კომიტეტმა აქტიურად დაიწყო მუშაობა აღნიშნულ ამოცანაზე. ამ მიზნით გასულ კვირას შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც, უმრავლესობის წევრი დეპუტატების გარდა, ერთიანდებიან 4 ოპოზიციენერი დეპუტატი, შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მანდა აქვე ვისარგებლო შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მუშაობაზე მზადყოფნა განაცხადა და რეალურადაც ჩაერთო ქვეყნისთვის თავისთავად მეტად მნიშვნელოვან საქმეზე მუშაობის პროცესში. სამუშაო ჯგუფმა წინა კვირაშივე გამართა გაფართოებული შეხვედრა საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებასთან. შეხვედრაზე შეგროვდა იდეები და ინიციატივები აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად. ამის საფუძველზე სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული იქნა პირველადი ვერსიები საკანონმდებლო ინიციატივისა, რომელიც უკვე გაეგზავნათ შესაბამის დაინტერესებულ პირებს. ეს სამუშაო ვერსიები ასევე გამოქვეყნდა პარლამენტის ვებ. გვერდზეც.
ამ პროექტებზე გაგრძელდება მუშაობა, რომლის შედეგადაც განსაზღვრულ ვადაშივე შესაძლებელი იქნება საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობის დასრულება და მისი ჯერ წარდგენა კომიტეტის სხდომაზე, ხოლო შემდგომ მისი ინიციირება. ჩვენ მომავალშიც უზრუნველვყოფთ საზოგადოების ინფორმირებულობას ზემოაღნიშნული გეგმის შესრულების ირგვლივ.”