აშშ-ში, კენტუკის შტატში წყალდიდობაა. მსოფლიო მედიის ყურადღება 17 წლის გოგოს – ქლოი ადამსის ფოტომ მიიპყრო, რომელზეც ის საკუთარ ოთხფეხა მეგობართან ერთად ჩანს, – წერს CNN-ი.
როგორც გოგო ჰყვება, სახლში ძაღლთან ერთად იყო, როდესაც გაიღვიძა და უჩვეულო სურათი ნახა – სააბაზანოს სანიაღვრედან და სამზარეულოს ფილებიდან წყლის ძლიერი ნაკადი მოდიოდა.
911 ზარებით იყო გადატვირთული. ამიტომ, გოგომ გადაწყვიტა, თავად ეზრუნა უსაფრთხოებაზე. როგორც თავად იხსენებს, ძაღლი წყალში საცდელად ჩასვა, რათა ენახა, შეძლებდა თუ არა მასთან ერთად ცურვას, მაგრამ შეშინებულმა ცხოველმა ეს ვერ შეძლო.
გოგომ ის ჯერ პლასტმასის დიდ კონტეინერში ჩასვა, რათა არ დასველებულიყო, კონტეინერი კი ბალიშზე დაამაგრა, რომ წყალში არ ჩაძირულიყო. გოგომ სიფრთხილე გამოიჩინა და ძაღლთან ერთად გარეთ არ გავიდა. უბრალოდ, დაელოდა, ვიდრე წყლის დონე სხვენამდე აიწეოდა, საიდანაც, სახურავზე ასვლას შეძლებდა.
საბოლოოდ, ორივეს გაუმართლა და წყლის დონე ზუსტად მათი სახლის სახურავთან გაჩერდა.
გოგო და ძაღლი სამაშველოს დაახლოებით 5 საათი ელოდნენ. საბოლოოდ, მეზობლად მცხოვრებმა ბიძაშვილმა სახურავამდე ნავით მიცურა და ისინი საკუთარი სახლის მეორე, დაუტბორავ სართულამდე მიიყვანა.