პოლიტიკა

ღორის კანისგან დამზადებული თვალის რქოვანით, მეცნიერებმა 20 უსინათლო პაციენტს მხედველობა დაუბრუნეს

ახალ საპილოტე ცდებში, ღორის კანისგან დამზადებული იმპლანტებით მხედველობა აღუდგინეს დაავადებული რქოვანას მქონე 20 ადამიანს. ბიოინჟინერიით გამოყვანილი ამ ქსოვილის ჩადგმამდე, მრავალი მათგანი სრულიად ბრმა იყო.

ორი წლის შემდეგ, 14 ბრმა პაციენტს მხედველობა აღუდგა, სამ მათგანს კი სრულყოფილი, 20/20 მხედველობა აქვს.

„ამით შეიძლება დავძლიოთ რქოვანას ქსოვილების დონაციის დეფიციტის პრობლემა და წვდომა მოგვეცეს თვალის სხვა დაავადებათა მკურნალობაზეც“, — ამბობს შვედეთის ლინჩეპინგის უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიის მკვლევარი ნილ ლაგალი.

ყოველწლიურად მსოფლიოში დაახლოებით 12,7 მილიონი ადამიანი კარგავს მხედველობას რქოვანას პრობლემების გამო; 70-დან მხოლოდ ერთი ახერხებს რქოვანას გადანერგვას, რაც მხედველობის აღდგენის ერთადერთი გზაა.

ტრანსპლანტები ზედმეტად ძვირია, არის დონორების დეფიციტი და მსოფლიოში ადამიანთა უმეტესობას ეფექტიან მკურნალობაზე ხელი არ მიუწვდება.

„მნიშვნელოვანი ძალისხმევა გავწიეთ, რომ ჩვენი გამოგონება ფართოდ იყოს ხელმისაწვდომი ყველასთვის და არა მხოლოდ მდიდრებისთვის. სწორედ ამიტომ არის შესაძლებელი, რომ ეს ტექნოლოგია მსოფლიოს ყველა ნაწილში გამოიყენონ“, — ამბობს ლინჩეპინგის უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერი მეჰრდად რაფატი.

ამის მისაღწევად, რაფატმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს ახალი ტექნოლოგია, რომელიც ჩაკერებას არ მოითხოვს და შესაბამისად, გადანერგვის პროცედურის ჩატარება ექიმებს ნაკლებად სპეციალიზებული აღჭურვილობისა და გარემოს გარეშე შეუძლიათ.

„ნაკლებად ინვაზიური მეთოდის გამოყენება შესაძლებელია უფრო მეტ საავადმყოფოში, შესაბამისად, ეს უფრო მეტ ადამიანს წაადგება. ჩვენი მეთოდით, ქირურგს პაციენტის საკუთარი ქსოვილის ამოკვეთა არ სჭირდება. ამის ნაცვლად, კეთდება პატარა ჭრილი, რომლიდანაც იმპლანტი დგება უკვე არსებულ რქოვანაში“, — განმარტავს ლაგალი.

გარდა ამისა, იმპლანტის დასამზადებლად საჭირო მასალა წარმოადგენს კვების მრეწველობის ნარჩენ პროდუქტს; სპეციალურად შექმნილი შეფუთვისა და სტერილიზაციის პროცესის წყალობით, მიღებული პროდუქტის შენახვა შესაძლებელია ორი წლის განმავლობაში. მაშინ, როცა დონორისგან აღებული რქოვანას გამოყენება აუცილებლად უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს.

რქოვანა — სუფთა ეკრანი თვალის წინა ნაწილში, რომელიც ჩვენი თვალის ფერად გარსსა და გუგას იცავს, ძირითადად სხვადასხვა ტიპის კოლაგენისგან შედგება. ეს სტრუქტურა დროთა განმავლობაში შეიძლება თანდათან გათხელდეს, გარე მიმართულებით გამოიზნიქოს და გააუარესოს მხედველობა; ამ მდგომარეობას კერატოკონუსს უწოდებენ.

ამ გათხელების ზუსტი მიზეზი უცნობია, მაგრამ მისი შანსები შეიძლება გაზარდოს გენეტიკამ, თვალების ძლიერმა წვამ, ისეთმა დაავადებებმა, როგორებიც არის თივის ცხელება, დაუნის სინდრომი და ელერს-დანლოსის სინდრომი.

ამიტომ, მკვლევრებმა გაასუფთავეს ღორის კანისგან აღებული კოლაგენი და მისგან რქოვანას ახალი შრე შექმნეს. ამ უჩვეულოდ რბილი მასალის გასაძლიერებლად გამოიყენეს ქიმიური და ფოტოქიმიური მეთოდები; შედეგად, ის გახდა უფრო სტაბილური და მიიღეს ჰიდროგელი, რომელსაც BPCDX უწოდეს.

მკვლევრებმა ეს მეთოდი ცხოველ მოდელებში დახვეწეს და შექმნეს მიმღების რქოვანაში BPCDX-ის ჩასმის მარტივი მეთოდი, უკვე არსებული რქოვანას ქსოვილის ამოკვეთის საჭიროების გარეშე.

ამის შემდეგ, იმპლანტმა გააბრტყელა რქოვანას ამობურცულობა და შეავსო დაკარგული სისქე, აღადგინა თვალის ფოკუსის უნარი.

მინიმალურად ინვაზიური ქირურგია რქოვანას ნერვებსა და უჯრედულ შრეს ხელუხლებლად ტოვებს, რაც ჭრილობის სწრაფად მოშუშების საშუალებას იძლევა.

2-მილიმეტრიანი ჭრილობიდან გადანერგვის შემდეგ, BPCDX-მა წარმატებულად შეინარჩუნა გამჭვირვალეობა. არ დაფიქსირდა ნაწიბურების წარმოქმნა და გვერდითი რეაქციები, საჭირო არ გახდა ინტენსიური თერაპია ან დამატებითი ქირურგიული ჩარევები; პაციენტებს დასჭირდათ მხოლოდ რვაკვირიანი მკურნალობა იმუნოსუპრესიული (იმუნიტეტის დამთრგუნველი) თვალის წვეთებით და სახვევები.

ბიოინჟინერიით შექმნილმა რქოვანამ დააკმაყოფილა უსაფრთხოების ყველა ნორმა.

ორი წლის შემდეგ, ირანელ და ინდოელ პაციენტებს რქოვანა 200 მიკრომეტრით გაუსქელდათ, შემცირდა მისი გამრუდება და მხედველობა დაბრუნდა სულ მცირე იმ ნიშნულზე, რასაც რქოვანის ტრადიციული ტრანსპლანტები იძლევა.

ბიომასალებით დამზადებული იმპლანტების ჩადგმის წინა მცდელობებისას, საბოლოოდ ის მაინც თხელდებოდა; თუმცა, როგორც მკვლევართა ჯგუფი წინა კვლევებსა და გამოუქვეყნებელ მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება ღორის უჯრედებისგან შექმნილმა კოლაგენმა სიმტკიცე და იმპლანტის სტაბილურობა რვა წლის შემდეგაც კი შეინარჩუნა.

„არც ერთ წინა კვლევაში არ დაფიქსირებულა რქოვანას სრული გამჭვირვალეობის მიღწევა ინ ვივო კვლევებში, არც რქოვანის საკმარისად გასქელება და გაბრტყელება, არც მხედველობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება“, — წერენ მკვლევრები.

ამჟამად იგეგმება ვრცელი კლინიკურ ცდები; საპილოტე ცდებისა და იმედისმომცემი შედეგების გამო, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ მარეგულირებელი ორგანოები მწვანე შუქს აუნთებენ.

კვლევა Nature Biotechnology-ში გამოქვეყნდა.

მომზაებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: 1tv.ge

 

ასევე ნახეთ

დღეს, რესპუბლიკის მოედანზე აქცია „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართება

დღეს, რესპუბლიკის მოედანზე აქცია – „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ გაიმართება. აქცია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია