პირველად საქართველოს ისტორიაში, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს, სამ ევროპულ ქალაქთან ერთად, თბილისი მასპინძლობს. „ევრობასკეტი 2022“ ოფიციალურად დღეს დაიწყება.
ა ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებები მონაწილეობენ, „თბილისი არენაზე“ ჩატარდება. საქართველოს ნაკრები დღეს პირველ შეხვედრას ბელგიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ევრობასკეტის დაწყებამდე 1 დღით ადრე, რიყის პარკში სპეციალური პროგრამით გახსნის ცერემონია გაიმართა. მოეწყო ფან ზონები, სადაც 7 სექტემბრის ჩათვლით, გულშემატკივრებს თამაშის ყურება დიდ ეკრანზე შეეძლებათ.
დიდი საკალათბურთო დღესასწაულის შეგრძნებისა და საზეიმო განწყობისთვის დაიბრენდა საჰაერო ბუშტი, ასევე ევრობასკეტის ფერებში განათდა თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი. სპეციალური პროგრამა გრანდიოზული ფეიერვერკით დაიხურა.