ადვოკატ ირაკლი ჩომახაშვილის ცნობით, რუსთავის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად, 12-ით 0-ის წინააღმდეგ, უდანაშაულოდ ცნეს ეთნიკური ნიშნით თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული ტაქსის მძღოლი – ამირან ბოკუჩავა. ბრალდებულს სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.
“ნაფიცმა მსაჯულებმა დაადგინეს, რომ რუსებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვა და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა არ არის დანაშაული. მინდა, მადლობა გადავუხადო ხალხს, ჩვენ დღეს, ხალხის სახელით დავამარცხეთ რუსული იმპერიალიზმი” – წერს ჩომახაშვილი.
ადვოკატის ინფორმაციით, ტაქსის მძღოლს მგზავრები თბილისის აეროპორტიდან მიჰყავდა და მას უკრაინული მუსიკის ჩართვა აუკრძალეს. ამის შემდეგ, ამირან ბოკუჩავამ ისინი გომბორზე წაიყვანა და იქ დატოვა.
“რუსები სასამართლოს ატყუებდნენ, ძალით წაგვიყვანაო, რეალურად ძალით არ წაუყვანია – მოატყუა და უთხრა, გომბორიდან წადით ფეხით სასტუმროშიო, გაბრაზდნენ და უჩივლეს. რეალურად, რუსებმა როგორც სჩვევიათ, დაამცირეს ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ბრალდება ამბობდა, რომ უკრაინული მუსიკის რუსებისთვის სპეციალურად ჩართვა დისკრიმინაციააო. ნაფიცმა მსაჯულებმა ჩათვალეს, რომ ეს არ იყო არც დისკიმინაცია და არც თავისუფლების აღკვეთა” – განმარტავს ადვოკატი Facebook-ზე.
9 სექტემბერს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ტაქსის მძღოლს რუსი ტურისტებისთვის უკრაინული სიმღერის ჩართვას არ ედავებოდნენ. უწყების მტკიცებით, იანდექსის ტაქსის მძღოლმა ლიტვისა და რუსეთის მოქალაქეები თბილისის აეროპორტიდან მშრალ ხიდამდე მიიყვანა და სანაცვლოდ 23 ლარის ნაცვლად 195 ლარი მოსთხოვა. ბრალდების მხარის ვერსიით, მას შემდეგ, რაც მგზავრებმა მძღოლს საკითხის გადასაწყვეტად პოლიციაში მისვლა შესთავაზეს, ამირან ბოკუჩავამ მანქანის კარი ჩაკეტა და ტურისტები გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის მიმართულებით წაიყვანა, გათავისუფლების სანაცვლოდ კი 500 ლარი მოსთხოვა. პროკურატურის მტკიცებითვე, მგზავრები მანქანიდან გადახტნენ, რის გამოც, ერთ-ერთმა მათგანმა დაზიანება მიიღო.