ელიზაბედ II 96 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი მას შემდეგ გახდა, რაც 1952 წელს მამამისი, ჯორჯ VI გარდაიცვალა.
საინტერესო ფაქტები დედოფლის შესახებ:
1 ელიზაბედს სკოლაში არ უვლია
ელიზაბედს ყველაფრის სწავლა სახლში მოუწია. კერძო პედაგოგები მას კონსტიტუციონალიზმის ისტორიას, სამართალსა და ფრანგულს ასწავლიდნენ. ამის მიუხედავად, დედოფალს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ თავის დროზე ფორმალური განათლების მიღებას მაინც ისურვებდა.
2. ელიზაბედი თავის ქმარს ენათესავებოდა
პრინცი ფილიპი, რომელიც თითქმის 100 წლის გარდაიცვალა 2021 წლის 9 აპრილს, ელიზაბედის გარე ბიძაშვილი იყო; ორივე მათგანი დედოფალი ვიქტორიას შვილთაშვილის შვილები იყვნენ, თუმცა, წყვილმა ერთმანეთი მაშინ გაიცნო, როცა მომავალი დედოფალი მხოლოდ 13 წლის იყო.
3. დედოფლის როლი 200-ზე მეტ ფილმსა და სატელევიზიო სერიალში შეასრულეს
IMDb-ის ცნობით, დედოფალი ელიზაბედ II ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია 225-ზე მეტ დოკუმენტურ და მხატვრულ ფილმსა და სერიალში. მათ შორის ალბათ ყველაზე ცნობილი სერიალი The Crown არის, რომელშიც ბრიტანეთის მონარქის როლს ინგლისელი მსახიობი, კლერ ფოი ასრულებს.
4. დედოფალი ორ დაბადების დღეს აღნიშნავდა
ელიზაბედი 1926 წლის 21 აპრილს დაიბადა, თუმცა, იუბილეს ოფიციალურად აღნიშვნა ივნისის მეორე შაბათამდე არ ხდება; ეს ტრადიცია 1748 წელს დანერგა მეფე ჯორჯ II-მ. იგი ნოემბერში დაიბადა და, რადგან წელიწადის ამ დროს პომპეზური აღნიშვნისთვის შესაფერისი ამინდი არ იყო, გადაწყდა, მეორე დაბადების დღე გადაეხადა.
5. დედოფალს არ ჰქონდა პასპორტი და მართვის მოწმობა
ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ოფიციალური ვებსაიტის ცნობით, “რადგან პასპორტი მისი აღმატებულების სახელითაა დამზადებული, მას მისი ქონა არ სჭირდება”. ამის მიუხედავად სამეფო ოჯახის სხვა ყველა წევრს ჰქონდათ და აქვთ პასპორტები — მათ შორის პრინც ფილიპსა და პრინც ჩარლზს. ამასთან, დედოფალი ერთადერთი პირი იყო მთელ გაერთიანებულ სამეფოში, ვისაც მართვის მოწმობის ქონა არ მოეთხოვებოდა.