რუსეთის თითქმის 7-თვიანი აგრესიის შემდეგ, უკრაინა გააქტიურებული კონტრშეტევის შედეგად, ტერიტორიებს იბრუნებს.
სპეციალური ოპერაციის ძალების, „აზოვ ხარკოვის“ ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის მთელი ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილი გაათავისუფლეს.
მათ კონტროლს ექვემდებარება ტერიტორია სოფელ ვესელოედან ქალაქ ვოლჩანსკამდე. რუსი ოკუპანტების უკან დახევისა და მათ მიერ დაკავებული ტერიტორიების დეოკუპაციის შესახებ, ცნობები ვრცელდება დონბასიდანაც.
ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ქალაქი კრემენაია დატოვეს. უკრაინული დროშები აღმართეს სტარობელსკშიც. უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქის ქალაქ სვიატოგორსკის დაბრუნების შესახებაც იტყობინებიან, თუმცა ინფორმაციას, რეგიონის სეპარატისტული მმართველობა უარყოფს.
ფრონტის ხაზზე არსებული ვითარება ღამის ტრადიციულ მიმართვაში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეაჯამა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელ სამხედროებთან და დროშასთან ერთად, დეოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობა ისადგურებს და ცხოვრების ნორმალური რიტმი ბრუნდება. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთს რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებისკენ ისევ მოუწოდებს.