პოლიტიკა

თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე თანამდებობას ტოვებს

თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე თანამდებობიდან მიდის. მან დღეს აკადემიურ საბჭოს რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მიმართა.

„გადაწყვეტილება დიდი ხნით ადრე მივიღე, რის შესახებაც საუნივერსიტეტო საზოგადოება ინფორმირებული იყო. ჩემი გადაწყვეტილების შესახებ საბჭოს ვაცნობე მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის მიერ ჩვენი უნივერსიტეტის ინსტიტუციური შეფასების შედეგი და სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები.

მე ღრმად მწამს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი განვითარების იმ ევროპულ გზაზე სვლას, რა გზასაც დღეს ადგას, კვლავ ღირსეულად გააგრძელებს.

დაბოლოს, მიხარია, რომ ვარ 300 000 კურსდამთავრებულს შორის ერთ-ერთი და რომ მრავალი წელი ვხელმძღვანელობდი რეგიონში პირველ უნივერსიტეტს. ერთხელ უნივერსიტეტელი, მუდამ უნივერსიტეტელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მომავალი საქმიანობა უკავშირდება საერთაშორისო ურთიერთობებს, ვრჩები უნივერსიტეტის პროფესორად და დიდ გულშემატკივრად“,- აცხადებს გიორგი შარვაშიძე.

ამასთან, თსუ-ს რექტორი პრეზიდენტის მიერ ბრწყინვალების ორდენის მინიჭებაზეც საუბრობს.

„ჩემთვის დიდი პატივია ბრწყინვალების ორდენის მიღება, რომელიც საქართველოს მთავრობის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტმა მომანიჭა.

მიხარია და ვამაყობ, რადგან ეს არ არის პერსონალური ჯილდო, ეს ჯილდო ეკუთვნის ჩვენს პროფესორებს, ჩვენს სტუდენტებს, ჩვენს მეცნიერებს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბოლო 7 წლის განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა: ჩვენ შევძელით და დღეს თსუ-ს აქვს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის (AUA) ინსტიტუციური შეფასება; მნიშვნელოვნად გაიზარდა სტუდენტების რაოდენობა და შედეგად თსუ რეგიონში კვლავ ყველაზე დიდი უნივერსიტეტია. 50%-ით გავზარდეთ უნივერსიტეტის დაფინანსებაც მაშინ, როცა არ შეცვლილა უნივერსიტეტების დაფინანსების წესი; პირველად ჩვენს რეგიონში სწორედ, საქართველოში და კონკრეტულად თსუ-ში გაიხსნა ევროპის აკადემიის (AE) და EPLO-ს რეგიონული ცენტრები; საქართველო გახდა მესამე ქვეყანა ევროპაში და 24-ე მსოფლიოში, რომელსაც ამერიკის ქიმიკოსთა საზოგადოების სრული წარმომადგენლობა აქვს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო უნივერსიტეტების 1.5 %-ში შედის და არაერთ პროგრამას აქვს გავლილი საერთაშორისო აკრედიტაცია (ABET, FIBAA); მზარდია უცხოენოვანი, ერთობლივი და ორმაგი ხარისხის მქონე პროგრამების რაოდენობა; შესაძლებლობის ფარგლებში გაიზარდა აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურება; შთამბეჭდავია ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხა, დაწყებული მეორე კორპუსის აღდგენით, დამთავრებული უამრავი სხვა სამეცნიერო თუ სასწავლო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციით. მე ვარ ძალიან ამაყი, რომ ეს ყველაფერი ჩვენ ერთად შევძელით.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა უნივერსიტეტის პროფესურას, ადმინისტრაციას, სტუდენტებს და ჩვენი უნივერსიტეტის ყველა გულშემატკივარს. ჩვენ სწორედ ერთად მოვახერხეთ ამ წარმატებული ნაბიჯების გადადგმა, თუმცა კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და გასაუმჯობესებელი“, – წერს შარვაშიძე სოციალურ ქსელში

ასევე ნახეთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული, ბექა ჯაიანი ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სრულად შერაცხადია

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის, ბექა ჯაიანის ექსპერტიზის დასკვნაში სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ დაკავებული სრულად შერაცხადია. …

ჩანთების ონლაინ მაღაზია