თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე პასუხი ვაგო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე, ჟურნალისტებს „ნიუ ჰოსპიტალსში“ განუცხადა, სადაც ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიისას დაზარალებული მოზარდი მოინახულა.
როგორც კალაძემ განაცხადა, კლინიკაში მოთავსებული მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია.
რაც შეეხება მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას, რა დროსაც 13 წლის მოზარდი, მარიტა მეფარიშვილი დაიღუპა, კალაძემ აღნიშნა, რომ გამოძიება ყველაფერს დაადგენს და ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს.
„მინდა მივუსამძიმრო ოჯახს, ახლობლებს, ნათესავებს. კარგად წარმომიდგენია, თუ რამდენად მძიმე ვითარებაა. მეც გაუბედურებული ვარ. შემზარავი ფაქტი მოხდა და უმძიმესია ეს ყველასთვის. გამოძიება, რა თქმა უნდა, ყველაფერს დაადგენს. ვისაც დანაშაული მიუძღვის, ყველა კანონის წინაშე აგებს პასუხს, მათ შორის მეც, თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ კანონის წინაშე ვაგო პასუხი“, – განაცხადა კალაძემ.