ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. გამოკითხვები პოლიციაში ამ დრომდე გრძელდება. უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, პოლიციაში თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსი, ასევე კონტრაქტორი კომპანიის, „გრინსერვის პლუსის“ დამფუძნებლები გამოჰკითხეს.
გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ კომპანიის სხვა თანამშრომლებიც. სამართალდამცველთა შეკითხვებს პასუხობდნენ ასევე ვაკის პარკის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც.
ცნობილია, რომ ყველაზე ბევრი კითხვა კონტრაქტორი კომპანია „გრინსერვის პლუსის“ მისამართით დაისვა. კომპანიის დირექტორმა ლაშა ფურცხვანიძემ გამოკითხვაზე შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მომხდარზე პირადად არის პასუხისმგებელი.
ვაკის პარკის პროექტი მერიის გარემოს დაცვის სამსახურმა ჩაიბარა. მისი ხელმძღვანელი გიგა გიგაშვილი ამბობს, რომ ყველა საჭირო დოკუმენტი წესრიგშია. მისივე თქმით, პროექტის ჩაბარება ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მოხდა. დასკვნაში კი ეწერა, რომ შადრევანი მწყობრში იყო. ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოკითხვები პოლიციაში დღესაც გაგრძელდება.