კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ვარაუდობს, რომ ევროპარლამენტარებმა ანგარიშით შექმნეს ნიადაგი, რომ თუ დასჭირდათ, საქართველოს კანდიდატის სტატუსზე უარი უთხრან. ამის შესახებ მან იმედის ეთერში ისაუბრა – ჟურნალისტმა მას ჰკითხა, შესაძლოა, თუ არა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცენ.
“ეს, შეიძლება, სპეკულაციებად მოინათლოს ჩემი მხრიდან, მაგრამ რაკი ჩემ აზრს მეკითხებით, ვარაუდს გაგანდობთ. მე უფრო ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა, იმიტომ, რომ მე ძალიან ყურადღებით წავიკითხე ეს დოკუმენტი დედანში და რაღაც ასეთი განცდა დამრჩა, რომ რაკი, ქართული ოცნება, მოდით, ასე დავარქვათ, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, ეს ოხერი ქართული ოცნება, რომელსაც ვერავინ ვერაფერი მოუხერხა, 10 წელი გავიდა და 25 ოქტომბერს შესრულდა ათი წელი ზუსტად, რაც ქართულ ოცნებას ჰყავს თავისი მთავრობა უწყვეტად, ვერაფერი ვერ მოუხერხეს. რაკი, ვერაფერი ვერ მოუხერხეს, ახლა რაღაც სხვა ხერხები უნდა გამოვიგონოთ ალბათ და თან ვხედავთ, რომ ეს ქართული ოცნებები სხედან პარლამენტში და მუშაობენ, მუშაობენ, მუშაობენ და შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ ტექნიკურად ანუ ქაღალდზე, კანონში და პრაქტიკაში ის 12 რეკომენდაცია, ამათ ყველაფერი შეასრულონ, ისე აიწყვიტეს, რომ შეასრულებენ და მოდი, ახლა გამოვუშვათ რაღაც ტექსტი, რომელიც შექმნის ნოყიერ ნიადაგს იმისთვის, რომ მერე თუ დაგვჭირდა, ვთქვათ უარი. ვარაუდია ეს ჩემი, ვიღაცამ შეიძლება თქვას, სპეკულირებააო. კი ბატონო, თქვას, მაგრამ რაკი მეკითხებით, გპასუხობთ“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ამას კიდევ უფრო იმიტომ ჰგავს, რომ საქართველომ სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო და ამაზე სხვა ევროპარლამენტარები 15 წლის შემდეგ ისაუბრებენ, ისევე როგორც, ახლა საუბრობენ, რომ 2008 წელს რუსეთის აგრესიისგან დასაცავად ყველაფერი არ გაუკეთებიათ.
“ჩვენ მივიღეთ სრულიად უსამართლო გადაწყვეტილება, როცა მოლდოვას და უკრაინას უთხრეს, რომ შენ ხარ კარგი მოწაფე, აჰა შენ სტიკერი, აჰა შენ 5-იანი და საქართველოს, რომელიც მართლა კარგი მოწაფეა, უთხრეს, რომ წადი ახლა შენ დაჯექი მოსაფიქრებელში და იმეცადინე. ეს არის გაუგონარი უსამართლობა და გავა წლები და უკვე სხვა თაობები ევროპარლამენტარების, როგორც ახლა ესენი ამბობენ, რომ “დედა, 2008 წელს არ გავაკეთეთ ყველაფერი იმისთვის, რომ დაგვეცავით რუსეთისგან და სწორედ ამიტომ მოხდა სხვებს შორის, უკრაინაში ის უბედურება, რაც ხდება”. მერე კიდევ აღიარებენ 15 წლის შემდეგ, რომ ის მაშინ იყო უსამართლობა. ღმერთმა არ ქნას, ამ ქვეყანაში მოხდეს უბედურება და რუსეთი ისევ შემოვიდეს, მერე რა გამოვა ამ რეზოლუციის შედეგი, რომ რა გააკეთეს? ეს არის ძალიან სერიოზული კითხვები, ეს რეზოლუცია, არავინ თავი არ მოვიტყუოთ, არის ცუდი ტექსტი, მაგრამ ცუდი ტექსტი ყველასთვის და პირველ რიგში, მე ასე მგონია, თვითონ ევროპარლამენტისთვის”, – აცხადებს წულუკიანი.
წულუკიანის განცხადებით, ეჭვი გაუჩნდა, რადგან ყველამ ნახა, რომ მანქანა ისეა “დაქოქილი”, ქართულ ოცნებას დეკემბერში ყველა რეკომენდაცია ექნება შესრულებული.
“როგორც უკვე გითხარით, ეჭვი გამიჩნდა, რატომ იყო ეს ტექსტი საჭირო? ხომ არ იყო იმისთვის საჭირო, რომ ყველამ შეხედა, მართლა დაქოქილია მანქანა ისე, რომ დეკემბერში ქართული ოცნება დადებს 12 რეკომენდაციის შესრულებას და აქ კი არ წერია დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი მიიღეთო, ეს მე ვერ ვნახე, წერია პირდაპირ, ბიძინა ივანიშვილი მოიშორეთო, ბოდიში ამ გამოთქმისთვის”, – ამბობს ის.
8 ნოემბერს ევროპარლამენტმა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის შესახებ ანგარიში მიიღო. ბრიუსელში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე ანგარიშს მხარი 47-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგ წავიდა, 2-მა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.
ევროპარლამენტარებმა ცვლილებების ე.წ კომპრომისულ ვარიანტს დაუჭირეს მხარი, რომელიც მოიცავს ჩანაწერებს მედიამფლობელებზე, დეოლიგარქიზაციასა და მიხეილ სააკაშვილზე.