როგორც ცნობილია, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიმზ კლევერლი კიევში იმყოფება. BBC-ის ინფორმაციით, ვიზიტის დროს ჯეიმზ კლევერლიმ განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფო უკრაინას სასწრაფო დახმარების 24 მანქანას გაუგზავნის.
მისივე ინფორმაციით, უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების პაკეტი, სასწრაფო დახმარების ავტომობილების გარდა, 11 სპეცმანქანას, მათ შორის ექვს ჯავშანმანქანასა და მილიონი ფუნტის დაფინანსებას მოიცავს, რომელიც ქვეყანას ომის დაწყების შემდეგ განადგურებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში დაეხმარება.
„სიტყვები საკმარისი არ არის. სიტყვები ამ ზამთარს შუქს ვერ მოიტანს. სიტყვები რუსული რაკეტების წინააღმდეგ არ იმოქმედებს. გაერთიანებული სამეფო უკრაინაზე მხოლოდ საუბრით არ შემოიფარგლება, ჩვენ კონკრეტულ მხარდაჭერას ვუწევთ უკრაინის თავდაცვას“, – წერს ჯეიმზ კლევერლი „ტვიტერში“.