4 დეკემბერს, 19:00 საათზე კინოთეატრ ამირანში, თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალი გაიხსნება. კინოფესტივალის გახსნას დაესწრება პოლონელი რეჟისორი, ევროპის კინოაკადემიის პრეზიდენტი აგნიეშკა ჰოლანდი. ნაჩვენები იქნება მისი ფილმი „მისტერ ჯონსი“ (2019 წ.)
თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში, „რეჟისორი ფოკუსში“, წელს სწორედ აგნიეშკა ჰოლანდი იქნება წარმოდგენილი. მასვე გადაეცემა წელს საპატიო პრომეთე. საპატიო პრომეთე ასევე გადაეცემა რეჟისორს, ოთარ იოსელიანს.
თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის და და გოეთეს ინსტიტუტის მოწვევით, წელს ფესტივალს საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვევა ცნობილი ავსტრიელი რეჟისორი, ულრიხ ზაიდლი. ზაიდლის ორი ახალი ფილმი “რიმინი” და “სპარტა” წარმოდგენილი იქნება სექციაში „დამზადებულია გერმანიაში“.
კინოფესტივალის საზეიმო დახურვა და დაჯილდოება 10 დეკემბერს გაიმართება. დახურვაზე წარმოდგენილი იქნება რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმი „როქსი“ (2022 წ).
დაჯილდოების ცერემონიაზე გამოვლინდებიან ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამის გამარჯვებულები და მათ გადაეცემათ ფესტივალის პრიზი-ოქროს პრომეთე.
საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციაში:
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი
საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული
ფილმი საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი
რაც შეეხება ჟიურის, მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს სხავდასხვა შემადგენლობა შეაფასებს.
მხატვრული ფილმების ჟიური:
ჯული ბერტუჩელი (საფრანგეთი)
ენცო პორჩელი ( იტალია)
სადაფ ფოროღი (ირანი)
დოკუმენტური ფილმების ჟიური:
ალის აგნესკირხნერი (გერმანია)
ჰარუტუნ ხაჩატრიანი (სომხეთი)
ოლენა იერშოვა ( უკრაინა)
ქართული ფილმების საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 6 სრულმეტრაჟიანი და 10 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. ასევე 8 სრულმეტრაჟიანი და 7 მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი.
საკონკურსო პროგრამის გარდა, ფესტივალი წარმოადგენს ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს შემდეგ სექციებში:
• ქართული პანორამა
• ევროპული ფორუმი
• ოსკარის მაძიებლები
• ჰორიზონტები
• დამზადებულია გერმანიაში
• ქვეყანა ფოკუსში-რუმინეთი
• უკრაინა: თავისუფლების ფერები
• რეჟისორი ფოკუსში-აგნიეშკა ჰოლანდი
• ინიციატივა DOCA • აპოლო: კინოს მეხსიერება
• განსაკუთრებული სეანსები
თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სრულმეტრაჟიანი მხატვრული და სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების პროექტების წარდგენას ინდუსტრიულ პლატფორმაზე.
თითოეულ კატეგორიაში წინასწარ შეირჩევა მაქსიმუმ 7 პროექტი. შერჩეული პროექტების საჯარო წარდგენა (ფიჩინგი) ჩატარდება 8 და 9 დეკემბერს.
პროექტებს შეაფასებს საერთაშორისო ჟიური. გამარჯვებული პროექტები გამოცხადდება 10 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიალზე.
საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გასცემს პრიზს „ადამიანის უფლებები კინოში”. აღნიშნული ჯილდო დაწესდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება.
ფესტივალის ფარგლებში, ადამიანის უფლებების საუკეთესოდ ამსახველ თემატიკაზე, ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ფილმი დაჯილდოვდება ევროკავშირის პრიზით.
დაჯილდოვება 10 დეკემბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გაიმართება. ჩვენებები გაიმართება კინოთეატრ ამირანში. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორია კინოხელოვნების ცენტრი «პრომეთე.“
თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ქალაქ თბილისის მერია, გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი, რუმინეთის კულტურის ინსტიტუტი, შვედეთის საელჩო, ისრაელის საელჩო, იტალიის საელჩო, ესპანეთის საელჩო, შვეიცარიის საელჩო, ავსტრიის საელჩო, რუმინეთის საელჩო, ბრაზილიის საელჩო, ევროკავშირი.