აშშ-ის კონგრესმა 2023 წლის თავდაცვის რეკორდულ ბიუჯეტს მხარი დაუჭირა. როგორც ცნობილია, მომავალი ფისკალური წლისთვის სამხედრო ბიუჯეტი 80 მილიარდი დოლარით გაიზრდება და 858 მილიარდ დოლარს შეადგენს.
დოკუმენტი უკრაინისთვის სულ მცირე 800 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს, რაც დამატებით სამხედრო დახმარებას მოემსახურება. ეს 500 მილიონით მეტია, ვიდრე თეთრი სახლი მოითხოვდა.
დოკუმენტის თანახმად, დაახლოებით 10 მილიარდი დოლარი დაიხარჯება ტაივანის სამხედრო მხარდაჭერაზე. ევროპაში რუსეთის შეკავების ინიციატივისთვის კი, სულ გაწერილია 6 მილიარდი დოლარი. დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს რუსეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ხუთი წლით აკრძალვას.
აშშ-ის თავდაცვის 2023 წლის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია სტრატეგიული ბომბდამშენების, „ბი-21“- ბის წარმოების პროგრამისთვის. არმიას ასევე ექნება უფლება, დამატებით 36 ავიაგამანადგურებელი „ეფ-35“ შეისყიდოს, ფლოტი კი, ახალი გემების მშენებლობისთვის 32 მილიარდ დოლარს მიიღებს.
აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტი ახლა სენატში უნდა დაამტკიცონ.