„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ბაჩო დოლიძემ და აკაკი მინაშვილმა თანამდებობები დატოვეს, თუმცა პარტიაში რჩებიან.
ბაჩო დოლიძეს პარტიაში საორგანიზაციო მდივანის პოზიცია ეკავა, ხოლო აკაკი მინაშვილი პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და პოლიტიკური მდივანი იყო.
ბაჩო დოლიძის შეფასებით, პარტიის ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს გუნდის დაკომპლექტების შესაძლებლობა.
„არ გავურბივართ პასუხისმგებლობას. არ ვაპირებთ ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნას. ვულოცავ ხაბეს. მე ვრჩები პარტიის რიგებში და ვაგრძელენ ბრძოლას „ოცნებასთან“. სამწუხაროა, რომ იმ გუნდმა, რომელსაც წარმოვადგენდი, ვერ გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს არის რეალობა. არ მინდა, გამარჯვებულ გუნდთან თავდასხმად ჩაითვალოს, არ ვაპირებ ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნას და ფეხის დადებას. მიმაჩნია, რომ პარტიის ახალ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს გუნდის დაკომპლექტების შესაძლებლობა“, – აღნიშნა ბაჩო დოლიძემ.
აკაკი მინაშვილის განმარტებით, პარტიიდან არ მიდის, თუმცა აქტიურ პროცესებს ჩამოშორდება და პარტიის გადაწყვეტილებებში არ იქნება ჩართული.
„არჩევნები შედგა. მინდა, მივულოცო ლევან ხაბეიშვილს. ბუნებრივია, პარტიიდან არ მივდივარ, მაგრამ აქტიურ პროცესებს ჩამოვშორდები და ვდისტანცირდები, ვიქნებით რიგითი წევრები. პარტიის გადაწყვეტილებებში არ ვიქნებით ჩართული. ახლა გვყავს გამარჯვებულები და ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებებს“, – აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.
ამასთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციას ტოვებს გიორგი პატარაია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.