22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში მსჯავრდებულები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. აკო ჭელიძეს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, გიორგი კავილაძეს კი 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ქვეყნის პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა.
აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობასა და ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მსჯავრდებულებიდან ბრალს მხოლოდ აკო ჭელიძე აღიარებს, თუმცა, ჯგუფურ დანაშაულს გამორიცხავს.
როგორც ცნობილია, განაჩენის გამოცხადებას მოკლული ახალგაზრდის დედა, იზა ომაძე არ დასწრებია. სხდომას დისტანციურად ესწრებოდა ორივე მსჯავრდებული.
ცნობისთვის, 2022 წლის 15 აპრილს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. აკო ჭელიძეს 17, გიორგი კავილაძეს კი, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება დაცვის მხარეს ჰქონდა გასაჩივრებული.
ცნობისთვის, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელია ცეცხლსასროლი იარაღიდან 10-ზე მეტი გასროლით მოკლეს.