პარტიამ “საქართველოსთვის“ პარლამენტში რეზოლუცია დაარეგისტრირა, რომლითაც მთავრობას მოუწოდებს შეზღუდოს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო მიგრაცია, ასევე რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზოდ ყოფნის ვადა და ფრენების შეზღუდვა დატოვოს ძალაში.
როგორც პარტია „საქართველოსთვის“ წევრები აცხადებენ, რუსეთის მიერ პირდაპირი ფრენების განხორციელება საქართველოში, მიგრაციის უკონტროლო ტალღის გაზრდასა და რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში უკვე წამოწყებულ სხვადასხვა საქმიანობასთან ერთად, მათთვის საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლის შესაძლებლობას ქმნის, ხოლო საქართველოს იმ მცირე, ანტიდემოკრატიულ ქვეყნებს შორის აქცევს, რომელიც უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში, პუტინის რეჟიმთან თანამშრომლობას აგრძელებს.
პარტია „საქართველოსთვის“ მიმართავს ყველას – „ქართულ ოცნებას“ და საპარლამენტო პარტიებს, მხარი დაუჭირონ და შეუერთდნენ აღნიშნულ რეზოლუციას საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად.