უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინის მიმართულებით შავი ზღვიდან გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ორი რაკეტა ჯერ მოლდოვის, შემდეგ კი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შეიჭრა.
„დღეს, 10 თებერვალს, ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ 10:18 საათზე უკრაინა-მოლდოვის სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთა. 10:33 საათზე ამ რაკეტებმა რუმინეთის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს. ამის შემდეგ რაკეტები კვლავ შეიჭრნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში სამი სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის წერტილში“, – დაწერა ზალუჟნიმ „ტვიტერში“.
ინფორმაცია მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომაც დაადასტურა. მედიის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.