მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ის ერთიანი მიდგომა, რაც ჰქონდა საპარლამენტო ოპოზიციას პირველი საკომიტეტო მოსმენების დროს, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა ხათუნა სამნიძემ განაცხადა.
ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, მნიშვნელოვანია, აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციას ერთიანი გეგმა ჰქონდეს.
„დღევანდელი შეხვედრა ეხება რუსული კანონის ირგვლივ განვითარებულ სიტუაციას. ხვალ არის იურიდიული კომიტეტის სხდომა. მალევე აპირებენ პლენარულ სხდომაზე გატანას და, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ის ერთიანი მიდგომა, რაც ჰქონდა საპარლამენტო ოპოზიციას პირველი საკომიტეტო მოსმენების დროს. მიზანი არის, რომ მუხლობრივ განხილვაში არ შევიდეთ, მთლიანად პრინციპი და იდეაა ამ ქვეყნისთვის დამანგრეველი. ეს კანონი არის რუსული და პუტინისტური, რადგან მისი მიზანია, ქვეყანაში თავისუფალი აზრი ჩაახშოს, დაღი დაასვას ყველა იმ ორგანიზაციას და ადამიანს, ვინც ამ ქვეყნის ინტერესებისთვის მუშაობდა, იყო ბრძოლაში ამ ხნის მანძილზე და აპირებს მომავალშიც იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია საპარლამენტო ოპოზიციას, ჰქონდეს ერთიანი გეგმა.
ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებთ. იმიტომაც ვიკრიბებით, რომ შევათანხმოთ, ვის რა ხედვა აქვს. ჩემთვის მთავარი მიზანი ამ საკომიტეტო მოსმენების დროს არის, მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია საზოგადოების თითოეულ წევრს. ჯერ ჩვენ არ მოგვიწოდებია საზოგადოების თითოეული წევრისთვის ის ინფორმაცია ისე, რომ მასობრივად ადამიანები ხვდებოდნენ, რა საფრთხის წინაშეა ქვეყანა. ამიტომ საკომიტეტო მოსმენებიც გამოსაყენებელია ამისთვის. რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ იძალადებს საკომიტეტო მოსმენის დროს. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ დეტალურად ავუხსნათ პრინციპი, რამდენად დამანგრეველია. ეს უნდა ხდებოდეს ყველა ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში“, – განაცხადა სამნიძემ.